სავალუტო ფონდის დასკვნაშიც არის აღნიშნული, რომ ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ამ მიმართულებით მუშაობა და შევინარჩუნოთ კარგად მართული ინფლაციური მოლოდინები და ეს მართლაც არის ჩვენი მთავარი პრიორიტე

 

სავალუტო ფონდის პროგნოზიც არის, რომ წელს საშუალო ინფლაცია 3,4% -ის დონეზე დარჩება, - ამის შესახებ სებ-ის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ საქართველოში სსფ-ის მისიის დასრულებასთან დაკავშირებით გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა, რომელშიც საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი და სსფ-ის მისიის ხელმძღვანელი ალეხანდრო ჰაჟდენბერგი მონაწილეობდნენ.

 

მისივე განმარტებით, 2026 წელს ინფლაცია  დაუბრუნდება თავის მიზნობრივ დონეს.

 

„ეროვნული ბანკის მთავარი ფუნქცია მოგეხსენებათ არის ფასების სტაბილური დონის შენარჩუნება და ასევე ფინანსური სტაბილურობის უზრუნველყოფა, ხელშეწყობა და ამ კუთხით საკმაოდ დადებითი შეფასებები მივიღეთ. თუმცა, რა თქმა უნდა, აღნიშნული არის გარკვეული რისკები და გამოწვევები, რაზეც ჩვენ გავაგრძელებთ და გავაძლიერებთ მუშაობას“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

 

რაც შეეხება ფასების სტაბილურობას, სებ-ის პრეზიდენტის თქმით, ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკა უზრუნველყოფს ფასების სტაბილურობის დონეს.

 

„მოგეხსენებათ, რომ 2023 წლის შემდეგ ინფლაცია ძირითადად მიზნობრივ სამ პროცენტიან მაჩვენებელზე ქვევით ნარჩუნდება. ეს აღწერილიც არის სავალუტო ფონდის დასკვნაში. ბოლო ორი წლის განმავლობაში საშუალო ინფლაციამ 1.8 % შეადგინა, რაც ბევრად ნაკლებია 3%-იან დონეზე. 2025 წელს მაისის მდგომარეობით ინფლაციამ 3.5% შეაგინა, რაც ასევე ჩვენს პროგნოზს შეესაბამება და ახლოს არის თავის მიზნობრივ დონესთან. სავალუტო ფონდის პროგნოზიც არის, რომ წელს ინფლაცია 3,4% -ის დონეზე დარჩება საშუალოდ და 2026 წელს უფრო დაუბრუნდება თავის მიზნობრივ დონეს. მთლიანობაში, ჩვენი მონეტარული პოლიტიკის შედეგად,  ინფლაცია მიზნობრივი დონის ირგვლივ ნარჩუნდება. ასევე მნიშვნელოვანია, რაც ასევე აღინიშნა ფონდის მხრიდან, რომ ინფლაციის ასეთი კომპონენტი, როგორიც არის საბაზო ინფლაცია, რომელიც სამომხმარებლო კალათიდან გამორიცხავს მაღალი მერყეობის მქონე პროდუქციას, კვლავ ნარჩუნდება მიზნობრივ დონეზე ქვევით. მაისის მდგომარეობით ეს მაჩვენებელი 2% იყო და ესეც მნიშვნელოვანი ინდიკატორია იმისა, რომ ინფლაციური მოლოდინები არის კარგად მართული. სავალუტო ფონდის დასკვნაშიც არის აღნიშნული, რომ ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ამ მიმართულებით მუშაობა და შევინარჩუნოთ კარგად მართული ინფლაციური მოლოდინები და ეს მართლაც არის ჩვენი მთავარი პრიორიტეტი“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.