2025 წელს მიკროსაფინანსო სექტორის ზრდის ტემპი მნიშვნელოვნად დაჩქარდა, - ამის შესახებ მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ასოციაციის თავმჯდომარე ნინო დევდარიანმა გადაცემა "ბიზნესპარტნიორში" განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, გასულ წელს ასევე, შეიმჩნეოდა გარკვეულწილად სესხებზე ფასების კლება და საშუალო დაბანდება დაახლოებით 1 პროცენტული პუნქტით შემცირდა.
"2025 წელი მიკროსაფინანსო სექტორისთვის წარმატებული წელი იყო, რაც ყველა პარამეტრში აისახა მიუხედავად იმისა, რომ წლიურად ჩვენი სასესხო პორტფელები და აქტივები 2-დან 4%-მდე შემცირდა. უნდა აღინიშნოს, რომ შეიძლება მოგების ნაწილში მნიშვნელოვანი ცვლილება არ ყოფილა, რადგან სექტორის დაახლოებით, 30% მიკრობანკების სექტორში გადანაცვლდა, თუმცა გარკვეული გაუმჯობესებები იყო.სექტორმა 2025 წელი დაახლოებით, 19%-იანი უკუგებით დაასრულა", - აცხადებს ნინო დევდარიანი.
მანვე აღნიშნა, რომ მომავალში ციფრული ტრანსფორმაციები სექტორს საშუალებას მისცემს ეფექტურობა ბევრად უფრო გააუმჯობესოს და შესაბამისად, დანახარჯები შეამციროს.
"ფასის ნაწილში ვფიქრობ, რომ მოკლევადიან პერიოდში დიდი შეღავათების გაკეთების საშუალება არ ექნება საპროცენტო ხარჯების კუთხით, თუმცა მე ძალიან პოზიტიურად ვუყურებ ეფექტურობის და საოპერაციო დანახარჯების შემცირების შესაძლებლობებს. აღნიშნულის თქმით საშუალებას მაძლევს ციფრული ტრანსფორმაციები", - აცხადებს ნინო დევდარიანი.
გარდა ამისა, მისი თქმით, სექტორში ახალი მოთამაშეების შემოსვლა აღარ დაფიქსირებულა და დღეის, მდგომარეობით ბაზარზე 29 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია არსებობს.