ვიმედოვნებთ, რომ ბირჟა ამუშავდება და საბოლოო ჯამში, ამაში უფრო მეტი ადამიანი და დაინტერესებული პირი ჩაერთვება, - ამის შესახებ ეკონომიკის სამინისტროს ენერგეტიკული პოლიტიკისა და საინვესტიციო პროექტების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ჯუბო ტურაშვილმა  ჟურნალისტებს საქართველოს ენერგეტიკის გამოფენაზე დასწრებისას განუცხადა. ინფორმაციას bm.ge ავრცელებს.

მისი თქმით, უწყება ენერგეტიკული ბირჟის გახსნისთვის დიდი ხანია მზად იყო და მისი მიზანი პირველ რიგში ის არის, რომ თითოეულ დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა ჰქონდეს საკუთარი ნებაყოფლობით მიმართოს ბირჟას. ჟურნალისტებმა ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენელს ჰკითხეს - რატომ არ შედგა ვაჭრობა ბირჟაზე ამოქმედების პირველ დღეებში, რაზეც ჯუბო ტურაშვილმა უპასუხა: „იქიდან გამომდინარე, რომ ბირჟის კონცეფცია ნებაყოფლობით ვაჭრობას გულისხმობს, ჩვენ პირველ დღეებში გვაქვს მსგავსი გამოხატულება. ვიმედოვნებთ, რომ ბირჟა ამუშავდება და საბოლოო ჯამში, ამაში უფრო მეტი ადამიანი და დაინტერესებული პირი ჩაერთვება“, - განაცხადა ჯუბო ტურაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 1 ივლისს ამოქმედებულ ენერგეტიკულ ბირჟაზე ვაჭრობა არ შედგა, რაც მყიდველების და გამყიდველების ფასებს შორის განსხვავებამ განაპირობა. "საქართველოს ენერგეტიკული ბირჟის" განცხადებით, 2 ივლისის 18:00-19:00 პერიოდში ელექტროენერგია ხელმისაწვდომი იყო 140.51 ლარი/მგვტ.სთ (14.051 თეთრი/კვტ.სთ) ფასად, ხოლო მყიდველი მზად იყოს გადაეხადა არაუმეტეს 122.75 ლარი/მგვტ.სთ (12.275 თეთრი/კვტ.სთ). მსგავსი სურათი იყო სხვა საათებისთვის.

6-ჯერ გადავადების შემდეგ, ამოქმედებული ელექტროენერგიის ბაზრის გარდამავალი მოდელი ითვალისწინებს დღით ადრე და დღიური ბაზრების ამოქმედებას შეზღუდულ და ნებაყოფლობით რეჟიმში, ხოლო საათობრივი დაბალანსების ვალდებულების, ასევე საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის ამოქმედების ვადის გადაწევას 2025 წლის პირველ ივლისამდე.

წყარო: bm.ge