ენერგოსექტორის წარმომადგენლები მთავრობისგან სექტორის განვითარების მოკლე და გრძელვადიანი სტრატეგიის შექმნას მოითხოვენ, რაც, მათი შეფასებით, ინვესტორების ინტერესის შესანარჩუნებლად და სფეროში არსებული გაურკვევლობების თავიდან ასაცილებლად აუცილებელია.
როგორც GREDA-ს აღმასრულებელი დირექტორი, მაია მელიქიძე "კომერსანტთან" ინტერვიუში ამბობს, განახლებადი ენერგიის წყაროებზე, განსაკუთრებით კი მზის ენერგიაზე, ინვესტორთა მზარდი ინტერესის მიუხედავად, ჰიდროენერგეტიკის მხარდაჭერის გარეშე საქართველო ენერგეტიკულ დამოუკიდებლობას ვერ მიაღწევს.
,,პირველი, რასაც მთავრობისგან ველოდებით, ეს არის სექტორის განვითარების მოკლე ვადიანი და გრძელ ვადიანი სტრატეგია. ერთ-ერთ ამოცანად მივიჩნევთ ერთი ფანჯრის პრინციპს, ამასთანავე, GREDA-ს მიერ ინიციირებული კანონპროექტის მიღებას. სტრატეგიის გარეშე ყოვლად წარმოუდგენელია კონკრეტული ქმედებების განხორციელება, ვინაიდან ეს კვლავ გამოიწვევს ბუნდოვანებას და მრავალ კითხვას ახალი ინვესტორების მხრიდანაც, რომლებსაც ამ ეტაპისთვის ინვესტირების ძალიან დიდი სურვილი აქვთ.
ამ ეტაპზე ყველაზე მაღალი ორიენტირი ინვესტორებისგან არის მზის ენერგიის თვალსაზრისით, რომელიც ყველაზე მიმზიდველია თავისი ფასიდან და შესაძლებლობებიდან გამომდინარე. თუმცა, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ვერც მზისა და ვერც ქარის ენერგია ვერ ჩაანაცვლებს ჰიდროენერგეტიკას. ამიტომ ამ ნაწილში გვაქვს სამუშაო იმისთვის, რომ ჰიდროს შევუწყოთ ხელი და წავახალისოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ძალიან გაგვიჭირდება მომავალი წლების განმავლობაში გავხდეთ თვითკმარი ქვეყანა",- თქვა მელიქიძემ რადიო "კომერსანტის" ეთერში.