„უცხო ავიაკომპანიების პარკირების ადგილად გადაიქცა საქართველოს ავიაციის ინდუსტრია, ადგილობრივი ინდუსტრია კი ვერ ვითარდება“ - ეს „საქმიანი დილის“ ეთერში "ეარ ჯორჯიას" დამფუძნებელმა გიორგი კოდუამ განაცხადა.
მისი თქმით, სახელმწიფომ ავიაციის ინდუსტრიის განვითარებისადმი არსებული პოლიტიკა უნდა შეცვალოს, ადგილობრივ კომპანიებს ოპერირების უფრო გამართული საშუალება მისცეს, რაც შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობაში უნდა ითარგმნოს.
„პირველ რიგში ვულოცავ TAV georgia-ს დარჩენას და ოპერირების გაგრძელებას. მათ პროფესიონალიზმს ეჭვქვეშ არ ვაყენებ, უბრალოდ აქ საუბარი არის არა პროფესიონალურ მართვაზე, არამედ პოლიტიკაზე.
უცხო ავიაკომპანიების პარკირებად გადაიქცა საქართველოს ავიაციის ინდუსტრია, ადგილობრივი ინდუსტრია კი ვერ ვითარდება. არ არის საკმარისი საპარკინგე ადგილები. თუ ვამბობთ, რომ ჰაბი უნდა გავხდეთ, საჭიროა 50-100 თვითმფრინავი ბაზირებდეს საქართველოში. 58 საპარკინგე ადგილიდან დაამატეს მხოლოდ 7. უფრო მეტი ინფრასტრუქტურა უნდა არსებობდეს.
გაუგებარია საერთოდ ვისთვის ვაკეთებთ, უცხო ავიაკომპანიებისთვის? ესაა პოლიტიკა, რომ უცხო კომპანიები უნდა მივიღოთ და ეს მილიარდები უნდა გავიდეს გარეთ? იმიტომ რომ როცა უცხოური ავიაკომპანია დაფრინავს, თქვენ იცით არ იბეგრება ეს, როგორც ჩვენ არ ვიბეგრებით უცხოეთში, ისე ისინი არ იბეგრებიან საქართველოში.
უფრო კარგი იქნებოდა საქართველოს მთავრობას აქცენტი გაეკეთებინა ეროვნული ავიახაზების განვითარებაზე, ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე.
აქედან გამომდინარე, მე მივმართე ბატონ პრემიერს, წერილი გავუგზავნე, არის შეთავაზება ჩვენი, საქართველოს ავიაკომპანიის მხრიდან, რომ კიდევ დაემატოს ტერმინალი.
ჩვენ მზად ვართ ამისთვის, არ გვინდა აქ არანაირი დახმარება, უბრალოდ მოგვეცეს საშუალება ნორმალური განვითარებისა. საშუალება საქართველოს რომ ავიაციის ბაზარი გაიზარდოს, ტერიტორიები არსებობს საკმარისად.
მე ვისურვებდი, რომ ეს არარეალური პროექტი, ვაზიანის საერთაშორისო აეროპორტის განვითარებისა, მოიხსნას დღის წესრიგიდან. როცა გვაქვს არსებული საერთაშორისო აეროპორტი, რომელიც მუშაობს გამართულად გაუგებარია ჩემთვის ეს პროექტი. ამის განვითარება უფრო სწორი იქნებოდა, ვიდრე ახალი აეროპორტი ააშენო, მილიარდები ჩადო და ისეც გაუგებარია 1 მილიარდი ეყოფა თუ არა.“ – განაცხადა კოდუამ.