ქართული ღვინის გილდიის თანადამფუძნებლის და ენოლოგის მარიამ ხომასურიძის განცხადებით, ახალ რეგულაციაში, რომელიც ვენახების გაშენების ნებართვას ეხება უნდა გაიწეროს კრიტერიუმები, თუ რას ნიშნავს ვენახის სწორად გაშენება.

როგორც მან გადაცემა "ბიზნესპარტნიორის" ღამის ეთერში აღნიშნა, პროცესი აბსოლუტურად გამჭვირვალე უნდა იყოს, რათა საზოგადოებაში მღელვარება გაქრეს.

"რას ნიშნავს სწორი ეს უნდა გაიწეროს. ანუ შეფასების კრიტერიუმების არის მნიშვნელოვანი - მაგალითად, ჩვენ ხომ გვაქვს შეფასების კრიტერიუმები ღვინის სერტიფიცირების შემთხვევაში და ა.შ. 

პროცესი უნდა იყოს გამჭვირვალე. ღვინის ეროვნული სააგენტო ძალიან მოწესრიგებულად მართავს პროცესს. ეს (რეგულაცია) ახალია და ძალიან მალე იმედი მაქვს, რომ დაიდება შეფასების კრიტერიუმები თუ რომელ ტერუარზე  (ბუნებრივი ფაქტორების უნიკალური შერწყმა, რომლებიც გავლენას ახდენს ყურძნისა და, შესაბამისად, ღვინის გემოსა და ხარისხზე. ცნება “ტერუარი” თავის თავში მოიცავს ისეთ ელემენტებს, როგორიცაა: ნიადაგი, ჰავა, სიმაღლე ზღვის დონიდან, მზის სინათლის რაოდენობა, ვენახის მოვლის მეთოდებიც კი) შეიძლება გაშენდეს ვენახი და რომელზე არა. ეს პროცესს გამჭვირვალეს გახდის. ძალიან ბევრ სტარტაპერს ეს დაეხმარება გადაწყვეტილების მიღებაში. 

ჩვენ უნდა გვქონდეს ასეთი "გაიდლაინი" (სახელმძღვანელო) check-up-ის (შემოწმების) პრინციპით, რომელიც ყველა დარგში კარგად მუშაობს. სოფლის მეურნეობის სამინისტროში დასაქმებულმა მევენახეებმა უნდა ჩამოაყალიბონ check-up-ი - რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს ვენახი. ამის შემდეგ საზოგადოებაში მღელვარება გაქრება. ახლა შიში აქვთ, რომ ვიღაცას მისცემენ ნებართვას და ვიღაცას არ მისცემენ. ეს ძალიან სენსიტიურია. მე ვფიქრობ, რომ ეს შიში უსაფუძვლოა, თუმცა ყველაფერი უნდა იყოს გამჭვირვალე", - აცხადებს მარიამ ხომასურიძე.

ცნობისთვის, „ვაზისა და ღვინის შესახებ კანონში“ განხორციელებული ცვლილებების თანახმად, იცვლება სამეწარმეო ვენახების გაშენებასთან დაკავშირებული წესები. ყველა იმ პირმა, რომელმაც მიმდინარე წლის 1 მაისამდე გააშენა ვენახი და ამ დრომდე არ აქვს რეგისტრირებული ვენახების კადასტრის ერთიან ბაზაში, 2026 წლის 1 მაისამდე  შესაბამის მუნიციპალიტეტში უნდა მიმართოს ღვინის ეროვნული სააგენტოს მევენახეობის კადასტრის სამმართველოს წარმომადგენლებ და ვენახი ოფიციალურად დაარეგისტრიროს.

კანონში შესული ცვლილებების მიხედვით, 1 მაისის შემდგომ პერიოდში კომერციული მიზნებისთვის ვენახის გაშენება შესაძლებელი იქნება მხოლოდ ღვინის ეროვნული სააგენტოს წინასწარი თანხმობის საფუძველზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, პირი, რომელიც ვენახს თვითნებურად გააშენებს, ვერ შეძლებს მიღებული ყურძნის ან წარმოებული ღვინის კომერციულ რეალიზაციას.

წყარო: bp.ge