კვლევითი ინსტიტუტის Gnomon Wise-ს პუბლიკაციაში, რომელიც საქართველოს სოციალური დაცვის პოლიტიკის რეფორმირების მიმართულებას ეხება, გამოწვევებზე საპასუხოდ, ერთ-ერთ ალტერნატივად უარყოფითი საშემოსავლო გადასახადია განხილული.

როგორც დოკუმენტში ვკითხულობთ, უარყოფითი საშემოსავლო გადასახადის მიზანია იმ ინდივიდების მინიმალური გარანტირებული შემოსავლით უზრუნველყოფა, რომელთა შემოსავლის დონე გარკვეულ ნიშნულზე დაბლაა.

„თეორიულად, უარყოფითი საშემოსავლო გადასახადი გულისხმობს ინდივიდისთვის გარკვეულ ზღვარსა და მის შემოსავალს შორის სხვაობის წინასწარგანსაზღვრული პროცენტის გადახდას. მაგალითად, თუ მივიჩნევთ, რომ მინიმალური შემოსავალი, რომლითაც ინდივიდი უზრუნველყოფილი უნდა იყოს, 500ლარია, მაშინ შეიძლება ზღვარი განისაზღვროს 2 500 ლარით, რომლის ქვემოთ სუბსიდიის განაკვეთი 20% იქნება. თუ ინდივიდს შემოსავალი არ აქვს, ის დახმარების სახით 2 500 ლარის 20%-ს, 500 ლარს მიიღებს.

დახმარება იწყება ნულოვანი შემოსავლის დონიდან და გრძელდება მანამ, სანამ შემოსავალი 2 500ლარს არ გაუტოლდება. თუ ინდივიდის ყოველთვიურმა შემოსავალმა ზღვარს არ მიაღწია და, მაგალითად, 1 500 ლარია, ის სუბსიდიის სახით ზღვარსა და მის შემოსავალს შორის სხვაობის 20%-ს მიღებს. ასეთ შემთხვევაში დახმარების სახით მისაღები შემოსავალი 200 ლარი იქნება74 და მთლიანობაში, მის მიერ განსაკარგი შემოსავალი 1 700 ლარი გამოვა. მესამე ინდივიდი, რომელიც 1 000ლარს გამოიმუშავებს, დახმარების სახით 300 ლარს მიიღებს75. მისი მთლიანი შემოსავალი 1 300 ლარს შეადგენს“,- აღნიშნავენ პუბლიკაციის ავტორები.

Gnomon Wise-ის ანალიტიკოსების, კვლევის ავტორების, ზვიად ხორგუაშვილისა და ეგნატე შამუგიას,შეფასებით, უარყოფითი საშემოსავლო გადასახადი ოპტიმალური პასუხია ტრადიციული სისტემებისათვის, შრომის ბაზარზე დამახასიათებელი უარყოფითი გავლენების აღმოსაფხვრელად. მათი განმარტებით, შემოსავლის ზრდასთან ერთად, მიღებული სუბსიდია მცირდება, მაგრამ არა - მყისიერად. ეს კი ადამიანებს სტიმულს აძლევს, მეტი გამოიმუშაონ,სარგებლის დაკარგვის გარეშე. მეორე მხრივ, უარყოფითი საშემოსავლო გადასახადის პირობებში, ინდივიდები, რომლებიც მუშაობენ, საერთო ჯამში იღებენ უფრო მეტ შემოსავალს, ვიდრე უმუშევრები. ეს კი, კვლევის ავტორების აზრით, ტრადიციული სოციალური დაცვის პროგრამებისაგან განსხვავებით, ადამიანებს აძლევს სტიმულს, იმუშაონ.

"ამდენად, უარყოფითი საშემოსავლო გადასახადი ოპტიმალური პასუხია ტრადიციული სისტემებისათვის, შრომის ბაზარზე დამახასიათებელი უარყოფითი გავლენების აღმოსაფხვრელად. თუმცა ეს სისტემა პირობიანი და მიზნობრივია. აქედან გამომდინარე, ტრადიციული სისტემების ყველა პრობლემას სრულად ვერ უპასუხებს, რადგან მანიპულაციის რისკების მინიმიზაციისათვის, ფართო ბიუროკრატიულ აპარატსა და ადამიანების შემოსავლების მკაცრი აღრიცხვის სისტემას საჭიროებს“,- წერია დოკუმენტში.