2026 წლის გამორჩეულად წყალუხვი სეზონის მიუხედავად, საქართველო ვერ იყენებს საკუთარ ჰიდრორესურსებს სათანადოდ, ზღუდავს ადგილობრივი ჰესების გამომუშავებას და იმპორტირებულ ელექტროენერგიას იღებს იმ საათებში, როდესაც ადგილობრივ სადგურებს გამომუშავების გაზრდის შესაძლებლობა აქვთ,- ამის შესახებ ეკონომიკის ყოფილი მინისტრი, დავით მირცხულავა სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, არსებული მართვის პირობებში ქვეყანა შემოდგომაზე წყლის რესურსს კარგავს, ზამთარში კი, როდესაც ელექტროენერგიის დეფიციტი ტრადიციულად იზრდება, ძვირადღირებულ იმპორტსა და გაზზე მომუშავე თბოსადგურებზე დამოკიდებული რჩება.
კომერსანტი დავით მირცხულავას პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
,,გიპასუხებთ: ამ წამს, 21.11.2026-ს, 17:00 საათზე, ენგურის წყალსაცავში მდინარე ენგური 279,46 მ³/წმ ხარჯით ჩაედინება. ეს ენგურჰესის სამ აგრეგატს ყოფნის (780 მგვტ). წყალსაცავის დონე ნორმალურ ნიშნულს (510 მ) აღემატება, ჟინვალი და ხრამი კი დღევანდელი დღისთვის რეკორდულად სავსეა. 2026 წელი ჰიდროლოგიურად გამორჩეულად წყალუხვი გამოდგა, ქვეყანა კი ღვთისგან ბოძებულ ამ უდიდეს სიკეთეს ვერ იყენებს.სამუშაო დღეებში, 11:00-16:00 საათებში, თურქეთიდან ≈280 მგვტ შემოდის, უქმე დღეებში კი - 445 მგვტ-მდე. იმავე საათებში ქართული ელექტროსადგურები გამომუშავებას ≈300 მგვტ-ით ზღუდავენ, თუმცა მოხმარება ამ დროს დღის პიკის ≈90%-ია. 1-17 ნოემბერს მცირე და სეზონურმა ჰესებმა 42 მლნ კვტ·სთ-ით ნაკლები გამოიმუშავეს, ვიდრე ამის საშუალებას წყლის რესურსი იძლეოდა. გარდაბნის თბოსადგურები იმპორტირებულ გაზზე, ე.წ. „აწევ-დაწევის“ რეჟიმში, არაეფექტურად მუშაობენ და შუადღის საათებში სიმძლავრე 100-120 მგვტ-ით ეცემა იმავე მიზეზით - თურქეთიდან ენერგიის დაბრუნების გამო, რაც გაზის ხარჯს მნიშვნელოვნად ზრდის.ზაფხულის ბოლოდან ენგურჰესი ხუთიდან მხოლოდ ორ აგრეგატზე მუშაობს. 31 ივლისიდან 20 ოქტომბრამდე წყალსაცავიდან ≈950 მლნ მ³ წყალი დაიღვარა, რაც ქვეყნის თითქმის სამკვირიანი მოხმარების ეკვივალენტია. მესამე აგრეგატი რომ მუშაობდეს, დამატებით ≈346 მლნ კვტ·სთ გამომუშავდებოდა. 2018 წლიდან აგვისტო-ოქტომბერში ენგურზე წყალი არცერთხელ არ დაღვრილა.ამ პერიოდში იღვრებოდა ყველაზე იაფი ენერგიის წყალი!2026 წელს ენგურჰესი ≈3,0–3,3 მლრდ კვტ·სთ-ს გამოიმუშავებს,2020 წლის შემდეგ ეს ყველაზე დაბალი მაჩვენებელი იქნება, თანაც გამორჩეულად წყალუხვ წელს?!!სსე-ის მონაცემებით, 1-17 ნოემბერს აფხაზეთის მოხმარებამ ენგურის გამომუშავების 84% შეადგინა. გამოდის, რომ ენგურჰესი ფაქტობრივად მხოლოდ აფხაზეთისთვის მუშაობს, დანარჩენ ქვეყანას კი იმპორტირებული ენერგია და იმპორტირებულ გაზზე მომუშავე თბოსადგურები ამარაგებენ.რომელია უფრო სარისკო: თურქეთის იმპორტი თუ ენგურის მესამე აგრეგატი?ენგურჰესზე მესამე აგრეგატის ჩაურთველობას ზოგიერთი ბლექაუტის შიშით ხსნის. მოდით, ციფრებით შევადაროთ:
• აზერბაიჯანთან გამყოფი ავტომატიკის დანაყენი დღეს ≈200 მგვტ-ია. თუ ჩვენს სისტემაში მოულოდნელად დიდი სიმძლავრე დაიკარგება, დანაკლისი მყისიერად მეზობელი სინქრონული სისტემიდან, ძირითადად აზერბაიჯანიდან გადმოედინება. თუ ეს ნაკადი ≈200 მგვტ-ს გადააჭარბებს, ავტომატიკა საქართველოს სისტემას აზერბაიჯანისგან გამოყოფს, სისტემა იზოლირებულ რეჟიმში რჩება, ხოლო სემეკის დასკვნით, საქართველოს ენერგეტიკული სისტემა იზოლირებულ რეჟიმში მდგრადობას ვერ ინარჩუნებს. სწორედ ასე ჩაქრა სისტემა 24 ივლისს: ≈250 მგვტ-ის მყისიერმა ნაკადმა გამყოფი ავტომატიკა აამოქმედა.
• თურქეთიდან ერთი ხაზით სამუშაო დღეებში ≈280 მგვტ შემოდის, უქმე დღეებში - 445 მგვტ-მდე. ამ ხაზის გათიშვისას დაკარგული სიმძლავრე 200-მგვტიან ზღვარს სამუშაო დღეებში ≈1,4-ჯერ, უქმე დღეებში კი ≈2,2-ჯერ აღემატება. ანუ ერთი ხაზის ავარია, რაც ჩვენს კონტროლს მიღმაა, თითქმის გარანტირებულად გამოგვყოფს აზერბაიჯანისგან. ამ რისკს სისტემა ყოველდღე, დღეში 5 საათის განმავლობაში, შეგნებულად იღებს.
• დღეს საღამოს პიკზე ორი აგრეგატი ≈400-440 მგვტ-ს იძლევა, ანუ თითოეული ≈200-220 მგვტ-ით არის დატვირთული და ერთის გათიშვა უკვე ზღვარზეა.
• ჰიდროაგრეგატის მბრუნავი მასა სისტემას ინერციას მატებს: შეშფოთებისას სიხშირის ცვლილებას ანელებს და დაცვასა და ავტომატიკას რეაგირების დროს აძლევს. ნაწილობრივი დატვირთვით ჩართული აგრეგატიც კი ოპერატიულ რეზერვს ქმნის - სწორედ იმ მოქნილობას, რომლის ნაკლებობასაც შეზღუდვების მიზეზად ასახელებენ. თურქეთიდან იმპორტი ახალციხის მუდმივი დენის ჩანართით, ასინქრონულად შემოდის და სისტემას ინერციას არ მატებს, მესამე აგრეგატის გაშვება კი - მატებს.
• ენგურის აგრეგატი ქართველი ოპერატორის ხელშია, მის უკან სხვა აგრეგატები და სავსე წყალსაცავები დგას. იმპორტის მდგრადობა კი მეზობელი სისტემის მდგომარეობაზეა დამოკიდებული.
• წყალსაცავის დონე ნორმალურ ნიშნულს აღემატება, საღამოს პიკზე ენგური ორი აგრეგატით მუშაობს, პიკს კი იმპორტირებულ გაზზე მომუშავე თბოსადგურები ფარავს.200-მგვტიანი დანაყენის პირობებში თურქეთიდან ერთი ხაზით შემოსული 280-445 მგვტ სისტემისთვის აშკარად უფრო დიდი რისკია, ვიდრე ენგურის მესამე აგრეგატის მიერთება. თუ 260-მგვტიანი ქართული აგრეგატი რისკია, თურქეთიდან შემოსული 280-445 მგვტ რატომღა არ არის რისკი? მაის-ივლისში თურქეთის მიმართულებით 78 მლნ კვტ·სთ გავიდა, სანაცვლოდ კი 109 მლნ კვტ·სთ 16 სექტემბრიდან 15 ნოემბრამდე უნდა დაბრუნებულიყო. ენერგია იმ დროს ბრუნდებოდა, როცა საკუთარი წყალი იღვრებოდა და ადგილობრივი სადგურები იზღუდებოდა, მაშინ როცა ენერგია ზამთარში - დეკემბერ-თებერვალში გვაკლია.
• საქართველოს სისტემა დეფიციტს ყოველ წელს დეკემბერ-თებერვალში განიცდის. სექტემბერ-ნოემბერში კი, ზაფხულის შემდეგ, წყალსაცავები, როგორც წესი, სავსეა. ეს ყოველწლიური კანონზომიერებაა და არა 2026 წლის გამონაკლისი.
• ენგურის ჩამონადენი მთის თოვლითა და მყინვარებით ყალიბდება. მაისისთვის, როცა ხელშეკრულება გაფორმდა, მთებში დაგროვილი თოვლის მარაგი უკვე ცნობილი იყო და წლის წყალუხვობას რამდენიმე თვით ადრე პროგნოზირებდა.
• ამრიგად, შემოდგომაზე ენერგიის დაბრუნებას მხოლოდ ერთი სცენარი გაამართლებდა: უკიდურესად მშრალი ზაფხული და სექტემბრისთვის დაცლილი წყალსაცავი. მაისის მონაცემები ამ სცენარს არ ადასტურებდა. საშუალო ჰიდროლოგიურ წელსაც კი სექტემბერ-ნოემბერი დეფიციტური პერიოდი არ არის.
• ექსპორტი საღამოს ძვირ საათებში განხორციელდა, დაბრუნება კი დღის იაფ საათებსა და დასვენების დღეებში ხდება - სწორედ მაშინ, როცა ქართული ჰესები იზღუდება.
• ცხადია, ზამთარში დაბრუნება თუნდაც ოდნავ ნაკლები მოცულობით უნდა შეთანხმებულიყო, ან ხელშეკრულებაში დაბრუნების დეკემბერ-თებერვლამდე გადავადების უფლება ჩაწერილიყო. არცერთი მათგანი არ გაკეთებულა.ნუთუ რთული იყო, გაზაფხულზე სისტემა უკეთ დაგეგმილიყო და შესაბამისი ჰიდროლოგიური პროგნოზი მომზადებულიყო? ამას გონივრულ გადაწყვეტილებას ვერ ვუწოდებთ. 24 და 25 ივლისს, ისევე როგორც 5 აგვისტოს, ქვეყანა სრულად ჩაბნელდა. სემეკის დასკვნით, გარდამავალ პროცესებში სისტემას იზოლირებულ რეჟიმში ოპერირება არ შეუძლია. ავარიის საწინააღმდეგო ავტომატიკა ბოლოს 2018 წელს განახლდა, მისი შემდგომი განახლება კი 2029 წლამდე გადაიწია.ზაფხულში სადგურებს კომპენსაციის გარეშე 704,7 მლნ კვტ·სთ შეეზღუდათ (ივნისში მოთხოვნილი გამომუშავების 59%). კომპანიების ზარალი, სხვადასხვა შეფასებით, 80-100 მლნ ლარს შეადგენს. აგვისტო-ოქტომბერში ენგურზე დაღვრილი 803 მლნ მ³ წყალი მხოლოდ სახელმწიფო კომპანიისთვის - ენგურჰესისთვის - 26,8-32,3 მლნ ლარის ზარალია (გავიმეორებ: 2018 წლიდან მოყოლებული, აგვისტო-ოქტომბერში ენგურზე წყალი არცერთხელ არ დაღვრილა). აგვისტოში საბალანსო ენერგიის 56% თბოსადგურებზე მოდიოდა, საშუალო ფასი კი 11,2-დან 16,9 თეთრამდე, ანუ ≈50%-ით გაიზარდა. მოკლედ, სისტემის ასეთ დაგეგმვას „მოიკოჭლებს“ აღარც ეთქმის...ახლა ისევ ძველ სატკივარზესაქართველოში გენერაციის სფეროში შემოსულ ინვესტორს საკუთარ კაპიტალზე ≈15%-იანი უკუგება სჭირდება. „Galt & Taggart“-ის შეფასებით (ნოემბერი, 2026), დღევანდელი CfD პირობებით მზის სადგურის უკუგება 15,2%-ია, ქარის - 12,5%, მოდინებაზე მომუშავე ჰესის - მხოლოდ 8,5%, ხოლო მაღალი შეზღუდვების პირობებში - 6%, რაც საინვესტიციო კლიმატისთვის კრიტიკული ზღვარია („წითელი ხაზია“). 15%-იანი უკუგებისთვის ჰესს 6,5-ის ნაცვლად 9,8 ცენტი/კვტ·სთ (+51%) სჭირდება და მხოლოდ ეს ტარიფი იძლევა შესაბამისი ხარისხისა და საიმედოობის ჰიდროსადგურის აშენების შესაძლებლობას; ანალოგიურად, ქარის სადგურს 6,0-ის ნაცვლად 7,15 ცენტი სჭირდება. გამოდის, რომ ის სადგურები, რომლებიც ზამთრის დეფიციტს ამცირებს, ყველაზე მეტად იზღუდება და ყველაზე ნაკლებად არის წახალისებული. სადგურის მფლობელმა დღეს არ იცის, როდის, რა მოცულობითა და რა წესით შეეზღუდება გამომუშავება.სისტემა მოგვიწოდებს, დისპეტჩერს დავემორჩილოთ, და გვპირდება „სამართლიანობასა და პროპორციულობას“. ვემორჩილებით კიდეც, მაგრამ რა სამართლიანობაა, როცა საკუთარ წყალს ვღვრით (მათ შორის ყველაზე იაფ ენერგიას - ენგურისას), ქართულ ჰიდრო- და ქარის სადგურებს ვზღუდავთ და იმავე საათებში იმპორტს ვიღებთ? ეს სრულიად გაუგებარია ქართველი დეველოპერებისთვის.ზამთარი ჯერ კიდევ წინაა. შემოდგომაზე საკუთარ წყალს ვღვრით, ზამთარში კი ისევ ძვირადღირებულ იმპორტსა და გაზზე ვიქნებით დამოკიდებული.შეჯამების ნაცვლადენერგოსისტემის თანამედროვე მართვა, მით უმეტეს ჰიდრორესურსებზე დამყარებულ სისტემაში, უპირველესად სწორ პროგნოზებს ეყრდნობა: სეზონურ ჰიდროლოგიურ პროგნოზს, მოდინებისა და მოხმარების პროგნოზს. სწორედ პროგნოზი წყვეტს, როდის გამოვიყენოთ წყალი, როდის შევინახოთ და როდის შემოვიტანოთ ენერგია. ჩვენთან ეს არ შეინიშნება, და აქ დიდი პრობლემა გვაქვს. მარტში ენგური დასაშვებ ზღვარზე მეტად დავცალეთ, აგვისტოში-ოქტომბერში წყალი დავღვარეთ, ზაფხულის ექსპორტის დაბრუნება კი ზამთრის ნაცვლად შემოდგომაზე დავგეგმეთ. პროგნოზის გარეშე სისტემა დღიდან დღემდე იმართება და ღვთისგან ბოძებული წყალი ზარალად იქცევა.ამას ემატება ისიც, რომ ავარიის საწინააღმდეგო (უსაფრთხოების) ავტომატიკაზე 2018 წლიდან ქმედითი ნაბიჯი არ გადადგმულა: სცენარები არ განახლებულა, ტესტირება არ ჩატარებულა, ახალი სადგურების ინტეგრაცია მოძველებულ მოდულებში ფიზიკურად შეუძლებელია, განახლება კი 2029 წლამდე გადაიდო. ორივე ერთად, პროგნოზის არარსებობა და დაუცველი სისტემა, ნათლად აჩვენებს, რამხელა პრობლემებთან გვაქვს საქმე დრო კი არ ითმენს",- წერს მირცხულავა FACEBOOK-ზე.