თბილისში ღვინის მაღაზიისა და ბარის გახსნამ გაამართლა, - ამის შესახებ ღვინის მწარმოებელი კომპანია „თბილღვინოს“ თანადამფუძნებელმა გიორგი მარგველაშვილმა „ბიზნესპარტნიორთან“ განაცხადა.
მისი თქმით, კომერციული მიზნების გარდა, მაღაზიისა და ბარის დანიშნულება და ფუნქცია კომპანიის მიმართ ცნობიერების გაზრდაა, მათ შორის, საერთაშორისო ბაზრებზე.
„ამ ეტაპისთვის, ჩვენი ღვინის დაახლოებით 80% ექსპორტზე, ხოლო 20% ადგილობრივ ბაზარზე იყიდება. ვერ ვიტყოდი, რომ ჩვენ მხოლოდ პრემიუმ კატეგორიას ვაწარმოებთ. ჩვენ ახლა ვართ პრემიუმიზაციის პროცესში, რადგან შევქმენით ახალი მაღალი კატეგორიის ღვინოები, თუმცა ჩვენი პორტფელი იყოფა ტრადიციულ კოლექციად, რომელსაც მოსახლეობა იცნობს და მაღაზიებში იყიდება. ამასთან როგორც აღვნიშნე, შევქმენით ახალი პრემიუმ კატეგორია ღვინოების, რომელიც სარესტორნო და გამასპინძლების სფეროსთვის არის შექმნილი. მათ შორის, ღვინის მაღაზიებში და ბარებში. სწორედ, ამ ყველაფერს მივუძღვენით თბილისში მაღაზია და ბარის გახსნა, რომელმაც შეიძლება ითქვას, რომ გაამართლა.
აქ მოსულ ადამიანებს შეუძლიათ დააგემოვნონ არა მხოლოდ ჩვენი, არამედ სხვადასხვა ქვეყნის ღვინოები, რომელიც ჩვენვე შემოგვაქვს ქვეყანაში“, - აცხადებს გიორგი მარგველაშვილი.
შეგახსენებთ, რომ ღვინის მწარმოებელმა კომპანიამ „თბილღვინო“ ღვინის მაღაზია და ბარი - The Wine - გახსნა. ახალი სივრცე ირაკლი აბაშიძის N64-ში მდებარეობს და მომხმარებელს მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონიდან შერჩეულ პრემიუმ ღვინოებს სთავაზობს.
ცნობისთვის, "თბილღვინო" ქართული ღვინის მწარმოებელი წამყვანი კომპანიაა საქართველოში, რომლის პროდუქციაც ექსპორტზე მსოფლიოს 30 ქვეყანაში გადის. "თბილღვინოს" ისტორია გასული საუკუნის 60-იან წლებში იწყება. 1962 წელს საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ღვინის საწარმო გაიხსნა, რომელიც 90-იან წლებში კერძო კომპანიად იქცა და მალევე დაიმკვიდრა მნიშვნელოვანი ადგილი ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე. დაარსებიდან დღემდე, "თბილღვინომ" უდიდესი აღიარება და უამრავი ჯილდო მოიპოვა, მათ შორის ლონდონის საერთაშორისო კონკურსებზე: Decanter World Wine Awards, International Wine Challenge და International Wine & Spirit Competition.
"თბილღვინოს" ვენახებში გაშენებულია სხვადასხვა ქართული ყურძნის ჯიში და მდებარეობს ქინძმარაულის, მუკუზნის და წინანდლის მიკროზონებში.