სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობისა და კეთილდღეობის კუნძულის მიღწევა, ვფიქრობ, კვლავ შესაძლებელია, – ამის შესახებ ვაშინგტონში ბრუკინგსის ინსტიტუტის საგარეო პოლიტიკის პროგრამების მკვლევარმა ასლი აიდენთაშბაშმა საქართველოს რადიოს გადაცემა „მსოფლიოს ამბებთან“ ინტერვიუში განაცხადა.

მისივე თქმით, სამხრეთ კავკასიაში კოლოსალური შესაძლებლობები არსებობს.

„ომი შეიძლება ბევრი სახიფათო გზით განვითარდეს და გავრცელდეს, მაგრამ შესაძლებლობებიც ბევრია. ერთი ადგილი, სადაც კოლოსალური შესაძლებლობები არსებობს, სამხრეთ კავკასიაა. სომხეთს, აზერბაიჯანს, საქართველოსა და თურქეთს შეუძლიათ, ერთობლივად ჩამოაყალიბონ სტაბილურობის კუნძული და ეკონომიკური ბლოკი, რომელიც ევროპიდან ცენტრალურ აზიამდე იქნება გადაჭიმული და შეიძლება, ახალი აბრეშუმის გზა გახდეს. უფრო მეტიც, ეს შეიძლება გახდეს შედარებით სტაბილური და ეკონომიკური წესრიგი. რეგიონის ქვეყნები არ უნდა დაელოდონ სომხეთში დაგეგმილ არჩევნებს. ივნისამდე ძალიან დიდი დროა. ვფიქრობ, სწრაფად უნდა იმოქმედონ. მოიწვიონ დიდი ეკონომიკური კონფერენცია და საფუძველი ჩაუყარონ თავისუფალი ვაჭრობის ზონას. თურქეთს შეუძლია სომხეთთან საზღვრის გახსნა, აზერბაიჯანს კი, სომხეთთან ურთიერთობების ნორმალიზაცია უფრო სწრაფად, სომხეთში კონსტიტუციის ცვლილებების მოლოდინის გარეშე. ვფიქრობ, ეს გამარჯვების ფორმულაა ოთხივე ქვეყნისთვის. მათ შორის, რა თქმა უნდა, საქართველოსთვისაც, რომლის აქტივები შავი ზღვის რეგიონში ვაჭრობის ნებისმიერი ახალი რეჟიმისთვის ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანია. სტაბილურობისა და კეთილდღეობის კუნძულის მიღწევა სამხრეთ კავკასიაში, ვფიქრობ, კვლავ შესაძლებელია“, – განაცხადა ასლი აიდენთაშბაშმა.

ამავე ინტერვიუში აიდენთაშბაშმა ისაუბრა სპარსეთის ყურეში მიმდინარე ომზე. მისი თქმით, ვენესუელის სცენარის გამეორება ირანში, პრაქტიკულად, გამორიცხულია და ტრამპის ადმინისტრაციაში მოვლენების განვითარება ვერ გათვალეს.

ვრცლად პირველ არხზე