საქართველოზე გამავალი შუა დერეფნით სატრანზიტო გადაზიდვების ზრდის შესახებ სახელმწიფო უწყებების განცხადებები შესაძლოა რეალურ სურათს სრულად არ ასახავდეს. ორგანიზაცია TCRC-ის შეფასებით, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში საქართველოს სარკინიგზო და საავტომობილო ტრანსპორტით სატრანზიტო გადაზიდვებში მნიშვნელოვანი ზრდა არ შეინიშნება, ხოლო სხვადასხვა დერეფნიდან ტვირთნაკადების გადმორთვის ეფექტი პრაქტიკულად განულებულია. ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ ოფიციალურ განცხადებებში გამოყენებული შედარებები შესაძლოა პიარელემენტებს შეიცავდეს და საკითხის სიღრმისეული კვლევის აუცილებლობაზე მიუთითებს.

TCRC აცხადებს, რომ მის მიერ გაანალიზებული 2026 წლის 10 თვის მონაცემები საქართველოს სარკინიგზო და საავტომობილო ტრანსპორტით სატრანზიტო გადაზიდვებს მოიცავს.

ორგანიზაციის მიმოხილვის თანახმად, რუსეთ-უკრაინის საომარი მოქმედებების შედეგად, 2022 წელს, 2021 წელთან შედარებით, საქართველოზე გამავალი დერეფნით სატრანზიტო გადაზიდვების მყისიერი, საშუალოდ 40%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც ერთწლიან ჭრილში უდავოდ დადებით ტენდენციად იქნა მიჩნეული.

TCRC-ის შეფასებით, 2022 წელს, 2021 წელთან შედარებით, სატრანზიტო გადაზიდვების ზრდა შეინიშნებოდა როგორც სარკინიგზო, ისე საავტომობილო ტრანსპორტის მიმართულებით. კერძოდ, სარკინიგზო ტრანსპორტით ტრანზიტის ზრდა შედარებით ნაკლები — 30% იყო, საავტომობილო ტრანსპორტისთვის კი ეს მაჩვენებელი 50%-ს შეადგენდა.

„მოსალოდნელი იყო, რომ სატრანზიტო გადაზიდვების ზრდის ტენდენცია მომდევნო წლებშიც, თუნდაც 5-7%-ის ფარგლებში, გაგრძელდებოდა, მაგრამ ეს პროცესი შენელდა და ბოლო ხუთი წლის განმავლობაში „სტაგნაციის“ ტენდენციით ხასიათდება“, — ნათქვამია TCRC-ის მიმოხილვაში.

ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ სახელმწიფო უწყებებმა პიარ-მიზნით ერთწლიანი შედარება გამოიყენეს და 2026 წლის 10 თვის მაჩვენებელი ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ყველაზე დაბალ, 2025 წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებს შეადარეს. TCRC-ის შეფასებით, სწორედ ამ შედარების საფუძველზე გაკეთდა განცხადებები სატრანზიტო გადაზიდვების მზარდ „ისტორიულ“ მაჩვენებლებზე.

უფრო კონკრეტულად, TCRC-ის მიმოხილვის თანახმად, საქართველოს საავტომობილო გზებზე ბოლო ხუთი წლის განმავლობაში საშუალოდ 400 000-430 000 ერთეული სატრანზიტო სატვირთო ავტომობილი, ე.წ. ტრაილერი, მოძრაობს და შესამჩნევი ზრდა არ შეინიშნება.

ორგანიზაცია ანალოგიურ ტენდენციაზე მიუთითებს რკინიგზის სატრანზიტო გადაზიდვების შემთხვევაშიც.

„ფაქტობრივად, სატრანზიტო გადაზიდვები იმ დონეზეა, რაც სანქციების ამოქმედების 2022 წლის 9 თვეში, როდესაც ტრანზიტმა 6.5 მლნ ტონას მიაღწია, და 2026 წლის 9 თვეში საქართველოს რკინიგზით ტრანზიტის მხოლოდ 0.1 მლნ ტონით გაზრდა არანაირ ისტორიულ შედეგს არ წარმოადგენს“, — ნათქვამია მიმოხილვაში.

TCRC აცხადებს, რომ ამ ეტაპზე ორგანიზაციის მიზანს კონკრეტული მიზეზების წარმოჩენა არ წარმოადგენს, თუმცა დასკვნის სახით აღნიშნავს, რომ სადღეისოდ სხვადასხვა დერეფნებიდან სატრანზიტო ტვირთნაკადების გადმორთვის ეფექტი პრაქტიკულად განულებულია.

„სატრანზიტო ტვირთნაკადების გადმორთვის ეფექტის განულება მოითხოვს კონკრეტული მიზეზების დადგენასა და სათანადო სიღრმისეულ კვლევას, რაც, პირველ რიგში, სახელმწიფოს პრეროგატივას წარმოადგენს“, — აღნიშნავს ორგანიზაცია.

TCRC-ის შეფასებით, საქართველოზე გამავალი დერეფნის პრიორიტეტულობიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია სახელმწიფოსთან არსებული, ნეიტრალური ექსპერტებით დაკომპლექტებული დამოუკიდებელი საკონსულტაციო ორგანოს ჩამოყალიბება.

სრულად იხილეთ TCRC-ის მიმოხილვა: https://transcor.ge/shua-derephnis-sakharthvelos...