“თბილისის მშრალ პორტში” აცხადებენ, რომ ბოლო წლების განმავლობაში შუა დერეფანი გადაზიდვებისთვის სტაბილურ მარშრუტად ჩამოყალიბდა.

როგორც Tbilisi Dry Port-ის გენერალური დირექტორი, ნინო ნემსაძე შუა დერეფნის კონკურენტუნარიანობის შეფასებისას აცხადებს, არაა მოსალოდნელი, რომ “ზანგეზურის დერეფნის” განვითარებასთან ერთად, ამ მარშრუტის მნიშვნელობა შემცირდება.

“შუა დერეფანი აღარ არის ალტერნატივა, ის არის სტაბილური, სანდო, ეფექტიანი დერეფანი, რომელმაც დაამტკიცა თავისი მნიშვნელობა და ეფექტურობაც ბოლო ორი წლის განმავლობაში. “ზანგეზურის დერეფანს” რაც შეეხება, ზოგადად, გლობალური ვაჭრობა ვითარდება, იზრდება, კონკურენცია ყველგან ძალიან მნიშვნელოვანია. ამ სფეროში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი აისახება ფასებზე, ფასები აისახება საბოლოო მომხმარებლის მიერ გადახდილ ღირებულებებში.

არ ველი, რომ შუა დერეფნის მნიშვნელობა დაიკარგება, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ყველა ჩართულ სახელმწიფოში ინფრასტრუქტურის განვითარება აქტიურად მიმდინარეობს, იგეგმება, უზარმაზარი ინვესტიციების განხორციელება. ამიტომ მე მივესალმები “ზანგეზურის დერეფნის” განვითარებას, მივესალმები ჩვენთანაც ინფრასტრუქტურის განვითარებას და ჩემი აზრით, ორივე დერეფანი ერთმანეთის ალტერნატივად, როგორც ჯანსაღი კონკურენციის მქონე დერეფნები, უფრო მეტ სარგებელს მოიტანს, ვიდრე ცალ-ცალკე”, - აღნიშნა ნინო ნემსაძემ.

ამასთან, “თბილისის მშრალ პორტში” აცხადებენ, რომ საქართველოს სატრანსპორტო დერეფანში რეგიონის ქვეყნებისგან ტარიფები მკვეთრად არ განსხვავდება.

“განვითარებული ინფრასტრუქტურა და კონკურენცია ყოველთვის ხელს უწყობს ჯანსაღ ფასწარმოქმნას, ფასის ჯანსაღ ფორმირებას. ამიტომ რეგიონში ფასებთან დაკავშირებით ჩვენს სიძვირეზე განსაკუთრებულ ყურადღებას ვერ გავამახვილებ, ამ სფეროში ფასები იცვლება ძალიან ხშირად, ლოგისტიკაში, გადაზიდვებში, ვაჭრობაში და იმდენი ფაქტორი ახდენს გავლენას ფასებზე, რომ რთულია გამოყო რომელიმე ერთი კონკრეტული მიმართულება, რომელიც არსებითად მოქმედებს საბოლოო ჯამზე. ამიტომ მე ვერ ვიტყოდი, რომ განსაკუთრებით ძვირია საქართველოს ლოგისტიკური მომსახურება და ინფრასტრუქტურა, თუმცა რაც უფრო მეტი იქნება შესაძლებლობა და მეტი კონკურენცია შეიქმნება, რა თქმა უნდა, ეს ფასებზეც აუცილებლად დადებითად აისახება”, - განაცხადა ნინო ნემსაძემ.

bm.ge