ნაცვლად იმისა, რომ საქართველომ აპრობირებული საერთაშორისო პრაქტიკა გამოიყენოს, სახელმწიფო გამოსავალს მხოლოდ აკრძალვებში ეძებს, რაც სისტემურ პრობლემას ვერ აგვარებს, - ასე აფასებს „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა - დედამიწის მეგობრების“ თავმჯდომარე, ნინო ჩხობაძე პლასტიკის ნარჩენებთან დაკავშირებით ქვეყანაში არსებულ პოლიტიკას.
გარემოსდამცვცელი აღიარებს, რომ პლასტიკი არის 21-ე საუკუნის პრობლემა, მით უფრო, საქართველოში. ტენდენცია თუ არ შეიცვალა, ჩხობაძის თქმით საქართველოში 22-ე საუკუნეში არქეოლოგიური გათხრებით მარტო პლასტიკს აღმოაჩენენ.
ნინო ჩხობაძე დარწმუნებულია, რომ ნარჩენების მართვის სისტემა მხოლოდ „დირექტიული ნორმებით“ ვერ აეწყობა და მას საზოგადოებრივი თვითშეგნება და ღიაობა სჭირდება.
მისივე თქმით, აუცილებელია ე.წ. „შესაფუთი ნარჩენების რეგლამენტის“ მიღებაც.
“ვიგონებთ ველოსიპედს. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ პლასტიკი არ იყოს გარემოში, მაგრამ როგორ უნდა გავაკეთოთ ეს, როგორი ნაბიჯები და როგორი ეტაპები უნდა განვახორციელოთ, ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. რა თქმა უნდა, უნდა იყოს გარკვეულად შეჯერება ბიზნესთან.
ნარჩენების მართვის სისტემა ვერ აეწყობა ქვეყანაში დირექტიული ნორმებით. ეს უნდა იყოს თვითონ ერის და ადამიანის თვითშეგნების შედეგად მიღწეული გადაწყვეტილება, მაშინ ის კარგად მუშაობს, მაშინ ის აღსრულებაც მოდის.
ჩვენ, სამწუხაროდ, ფრაგმენტულად ვიღებთ გადაწყვეტილებებს, ამიტომაც ვერასდროს მივიღეთ და ვერც ვერასდროს მივიღებთ შედეგს”- ამბობს მწვანეთა მოძრაობის თავმჯდომარე ნინო ჩხობაძე.