Caucasus Auto Import-ში ამბობენ, რომ 6 წელზე ძველი ავტომობილების განბაჟების მკვეთრი გაძვირება სავარაუდოდ, ქვეყანაში უკვე არსებული ავტომობილების ექსპლუატაციის ვადას გაზრდის.
როგორც “საქმის კურსის” ეთერში კომპანიის გაყიდვების დეპარტამენტის უფროსმა, მსყიდველუნარიანობიდან გამომდინარე, მოთხოვნა უფრო მეტად ბიუჯეტურ ავტომობილებზეა და მოლოდინია, რომ მოსახლეობის გარკვეული ნაწილი შედარებით ახალი ავტომობილის ყიდვას ვერ შეძლებს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მათ შედარებით უფრო ძველი ავტომობილების ყოლა უფრო დიდხანს მოუწევთ.
აქედან გამომდინარე, ალექსანდრე ვეკუა ამბობს, რომ 6 წელზე ძველი ავტომობილების განბაჟების გაძვირებას შესაძლოა, ეკოლოგიაზე უკუეფექტიც ჰქონდეს.
“საქართველოში მსყიდველუნარიანობა შედარებით დაბალია და 6 წელზე უფრო ძველ ავტომობილებზე არის შედარებით მეტი მოთხოვნა. ახალი ინიციატივა გამოიწვევს იმას, რომ 6 წელზე ძველი ავტომობილის იმპორტი უბრალოდ გაძვირდება, ეს პარალელურად ავტომატურად აისახება ადგილობრივ ბაზარზეც. რაღაც ნაწილი, ის კატეგორია, ვინც 2018-2019 წლიან ავტომობილს განიხილავდა, 2021 წლიანის ყიდვასაც შეძლებს, თუმცა ის კატეგორია, რომელიც ყიდულობდა 2013-2025 წლის შედარებით ბიუჯეტურ ავტომობილს, მას გაუჭირდება ახალი ავტომობილის შეძენა და მოუწევს უბრალოდ გაძვირებული იგივე წლოვანების, ალტერნატივის შეძენა ან უბრალოდ უარის თქმა ავტომობილზე. საბოლოო ჯამში, შესაძლოა, ამან ისიც კი გამოიწვიოს, რომ ავტომობილების ექსპლუატაციის ვადა გაიზარდოს. მაგალითად, მე თუ მინდა ავტომობილის შეცვლა, თუმცა ჩემი შემდეგი საუკეთესო არჩევანი ძვირი ღირს და ჩემთვის არ არის ხელმისაწვდომი, მე პირველ რიგში, ალბათ რასაც ვიზამ ისაა, რომ ჩემი ძველი ავტომობილის ექსპლუატაციის ვადას გავზრდი და უბრალოდ არ გავყიდი, იმიტომ რომ მისი ახლით ჩანაცვლების საშუალება არ მაქვს. ამიტომ ამან შეიძლება რაღაც მხრივ პირიქითაც კი იმოქმედოს.
ეკოლოგია ცალსახად მნიშვნელოვანია, ყველა ამ ქვეყანაში ვცხოვრობთ და ალბათ თითოეული ჩვენგანისთვის, რა თქმა უნდა, ეს მნიშვნელოვანია. ნამდვილად ახალ მანქანას ნაკლები გამონაბოლქვი აქვს და კარგია ცალსახად, ამაზე ალბათ დავა არ შეიძლება. თუმცა, თუ ახალი ავტომობილის ყიდვის შესაძლებლობა არის შედარებით ძვირად და ჩვენმა მოსახლეობამ ვერ შეძლო ახალი ავტომობილების შეძენა, ამ შემთხვევაში მოუწევთ ძველი ავტომობილების ექსპლუატაციის ვადას გაზრდა, რამაც შეიძლება უკუეფექტიც კი იქონიოს. მე ამას მტკიცებით ფორმაში არ ვამბობ, თუმცა ლოგიკურად ასეა. მე თუ ვერ ვყიდულობ ახალ ავტომობილს, იძულებული ვარ, რომ ძველი ავტომობილის ექსპლუატაციის ვადა გავზარდო”, - განაცხადა ალექსანდრე ვეკუამ.