„შესაძლებელია, უმუშევრად დარჩეს 1000-ზე მეტი სატვირთოს მძღოლი“, - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ საქართველოს საერთაშორისო საავტომობილო გადამზიდავთა ასოციაციის პრეზიდენტმა გია წიფურიამ განაცხადა.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის ფედერაციამ საკუთარ ტერიტორიაზე უვიზოდ ყოფნის ვადა 180-დან 90 დღემდე შეამცირა, რის გამოც უკვე დაფიქსირდა ქართველი მძღოლების როგორც დაჯარიმების, ასევე დეპორტაციის შემთხვევები.

გია წიფურიას თქმით, აღნიშნულმა ცვლილებამ, შესაძლოა, საქართველოდან საზღვარგარეთ მძღოლების გადინებას შეუწყოს ხელი.

„ჩვენ გვყავს 18 000 მძღოლი, აქედან პრობლემა შეიძლება შეექმნეს 1000-ზე მეტ მძღოლს. გადაზიდვებს როგორმე მოვახერხებთ, მარშრუტებს არ დავკარგავთ, მაგრამ ეს ადამიანები არიან ცუდ მდგომარეობაში. ამ 1000 ადამიანს არ აქვს შესაბამისი კონტრაქტები და შესაძლებლობები იმის, რომ საფრანგეთში ან გერმანიაში იარონ.

აქ მარტო რუსეთზე არაა საუბარი, რუსეთი არის ტრანზიტი, ყაზახეთში ხომ უნდა ჩავიდეს მძღოლი, ჩინეთში ხომ უნდა ჩავიდეს. ამ მიმართულებებზე თუ ვეღარ იმუშავეს, გაუჭირდებათ ევროპის ბაზარზე ადაპტაცია, სწორედ ამის თქმა მინდა.

შესაბამისი სერტიფიკატები არ აქვთ, შესაძლოა კვალიფიკაცია იგივე ჰქონდეთ, მაგრამ ამ ხაზებზე უფრო მეტი გამოცდილება აქვთ მძღოლებს. ახალ ბაზარზე შეშვება ასეთი მარტივი არაა. ამასთან ერთად, ევროპაში არც გვაქვს ამდენი კვოტა. სავსეა ეს მიმართულებები და გამოცდილ მძღოლს მოვხსნი და ისეთ მძღოლს დავსვამ, რომელსაც ამ მიმართულებაზე არ უმუშავია?!

უმუშევრები ხომ არ იქნებიან? გაიქცევიან ეგრევე საზღვარგარეთ, მძღოლებზე არის უზარმაზარი დეფიციტი ყველგან, ჩვენ კი დავრჩებით მძღოლების გარეშე. ისედაც დეფიციტი გვაქვს, დაახლოებით 2000 მძღოლი გვაკლია და წარმოიდგინეთ, 1000 რომ გაიქცეს, რა დღეში ჩავვარდებით. ამ ამბავში ეს არის მთავარი პრობლემა.

დავუშვათ, მძღოლს პანიკა აქვს და ეშინია, ესენი არიან ძირითადად ინდიდივუალური მეწარმეები და რამდენიმე ათეულია ეგეთი, მე უფრო იმაზე ვნერვიულობ, რომ სხვა მძღოლებს უფრო ნაკლები განცდა აქვთ, თუ რამეა პოლონეთში წავალთო იძახიან. მოხდება პროფესიონალი მძღოლების გადინება ქვეყნიდან. ინდ.მეწარმე ბოლოს და ბოლოს თურქეთზე გადავა და იმუშავებს, ესენი კი გაიქცევიან“, - აცხადებს გია წიფურია.

შეგახსენებთ, რომ სატვირთო გადამზიდავების ნაწილმა, რომლებსაც რუსეთიდან დეპორტაციის საფრთხე ემუქრებათ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართეს დახმარების თხოვნით. საინიციატივო ჯგუფი, რომელმაც საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წერილით მიმართა იმედს გამოთქვამს, რომ მოლაპარაკებები რუსეთთან საკითხის დარეგულირების მიზნით, უახლოეს პერიოდში დაიწყება.

წყარო: ბიზნესპრესნიუსი