საქართველოს ენერგეტიკული ბირჟა, რომელიც ამ დრომდე გარდამავალი მოდელით მუშაობს, დღიური ვაჭრობის ოპერირებას აჩერებს. შესაბამისი დადგენილება 8 სექტემბერს მთავრობამ გამოსცა.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ 2024 წლის პირველი ივლისიდან 2026 წლის პირველ ოქტომბრამდე და ასევე 2027 წლის პირველი ივლისიდან, ბირჟის ოპერატორი უზრუნველყოფს დღიური ბაზრის ოპერირებას, ხოლო 2026 წლის პირველი ოქტომბრიდან 2027 წლის პირველ ივლისამდე დღიური ბაზრის ოპერირება ჩერდება.

საქართველოს ენერგეტიკული ბირჟის ხელმძღვანელი ირაკლი გალდავა ამბობს, რომ დღიურ ბაზარზე აქტივობა თითქმის არ იყო და ამიტომ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ გარდამავალ პერიოდში ბირჟაზე დღიური გარიგებები არ შედგეს. მისივე თქმით, ენერგეტიკული ბირჟა დღით ადრე ბაზრის რეჟიმში გააგრძელებს ოპერირებას.

"ამ ბარზე ვხარჯავთ რესურსს, შაბათ-კვირას ვმუშაობთ და ა.შ. რეალურად კი განაცხადიც არ იდება და როგორც აღმოჩნდა, ეს ბაზარი არ იყო ინტერესის მომტანი მონაწილეებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე მონაწილე რეგისტრირებულია (შედარებით მცირე, ვიდრე „დღით ადრე“ ბაზარზე), ამ ბაზარზე ვაჭრობა არ ხდებოდა. ეს არის მიზეზი, რის გამოც ითქვა, რომ მხოლოდ დღიურ ბაზარზე (და არა „დღით ადრე“ ბაზარზე, სადაც ხდება ვაჭრობები), სანამ ვართ გარდამავალ მოდელში ოპერირება გაჩერდეს. თუ ნახავთ ჩვენს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციას ვაჭრობის 99.9% „დღით ადრე“ ბაზარზე ხდება", - ამბობს გალდავა BMG-თან საუბრისას.

მისივე განმარტებით, „დღით ადრე“ ბაზარზე ვაჭრობა ხდება დღეს ხვალისთვის. დღიურ ბაზარზე კი ვაჭრობა 1 საათით ადრეც კი არის შესაძლებელი.

"დღით ადრე“ ბაზარი მონაწილეებისთვის უფრო მისაღები აღმოჩნდა, თუნდაც ფასწარმოქმნიდან გამომდინარე. დღიურ ბაზარზე აუქციონი არ ხდება, არამედ განაცხადების თანხვედრა. ბაზარმა ამ გარდამავალ მოდელში აირჩია „დღით ადრე“ ბაზარი და შესაბამისად, დღიურ ბაზარზე აქტივობა შედარებით ნაკლები იყო, რადგან უფრო მეტ ჩართულობასაც მოითხოვს, მაგალითად, მონაწილეების მხრიდან და როგორც აღმოჩნდა, არ იყო მათთვის საინტერესო ამ ეტაპზე", - ამბობს გალდავა.

წყარო: bm.ge