საქართველოდან ოქროს ექსპორტის ღირებულება (-29%) და მოცულობა (-40% წ/წ) წლიურად მნიშვნელოვნად შემცირდა იანვარში. თუმცა, Galt&Taggart-ის ნედლეულის ბაზრის მიმოხილვის მიხედვით, გასულ წლებში ჯამური სტაბილური ექსპორტის მოცულობის ფონზე, ერთი თვის მონაცემი წლის მასშტაბში მნიშვნელოვან ცვლილებას ჯერ არ ნიშნავს.

ორგანიზაციის ინფორმაციით, 2024 წლის თებერვალში მსოფლიოში ოქროს ფასი თვიურად 0.2%-ით გაიზარდა. თებერვლის პირველ ნახევარში ოქრო მიმდინარე წელს პირველად ჩამოცდა $2,000 ნიშნულს, გლობალური მაკროეკონომიკური ფაქტორების შედეგად. აშშ-ს ინფლაცია 3.1% დაფიქსირდა, მოსალოდნელ 2.9%-ზე მეტი, რაც ახლო პერიოდში განაკვეთების კლების შანსებს კიდევ უფრო ამცირებს. საპირწონედ, აშშ-ში საცალო ვაჭრობის აქტივობა შენელდა, რაც პოტენციურად სუსტ დოლარზე მეტყველებს, ეს კი ოქროს $2,000-ზე მაღლა დაბრუნებაში დაეხმარა.

„მსოფლიოში მიმდინარე ომები და უმეტეს ქვეყნებში დაგეგმილი არჩევნები ოქროს ფასზე დადებითად იმოქმედებს, რადგან ინვესტორები გეოპოლიტიკური რისკების ჰეჯირებას ახდენენ. დამატებით, ცენტრალურმა ბანკებმა ოქროს რეზერვები 1,000 ტონაზე მეტით გაზარდეს 2023 წელს. ყველაზე მეტი - 225 ტონა ჩინეთმა შეიძინა, მას მოჰყვება პოლონეთი 130 ტონით. ორივე სტაბილური მყიდველები იყვნენ გასული წლის მანძილზე და ცენტრალური ბანკების ეს ტრენდი მოსალოდნელია რომ გაგრძელდება, განსაკუთრებით განვითარებადი ქვეყნების მხრიდან. ოქროს ფასის ზრდის ერთ-ერთი პირველი გამომწვევი მიზეზი 2023 წელს აშშ-ს რეგიონული ბანკების კრიზისი იყო, როცა სამი პატარა და საშუალო ზომის ბანკი გაკოტრდა, რამაც თავის მხრივ მსოფლიოს მასშტაბით ბანკების აქციების კლება, ხოლო ოქროზე მოთხოვნის ზრდა გამოწვია. აშშ-ს საბანკო სექტორის რყევის შიშის დაბრუნებამ 2024 წლის მარტის პირველ დღეებში ოქრო კიდევ ერთხელ გაზარდა რეკორდულ ნიშნულამდე.

New York Community Bancorp-მა (NYCB) საკუთარი სასესხო პორტფელის მონიტორინგისა და შეფასების მექანიზმებში „მნიშვნელოვანი სისუსტე“ აღმოაჩინა. Fitch Ratings-მა და Moody’s-მა ბანკის საკრედიტო რეიტინგი შეამცირა საინვესტიციო ქულაზე დაბალ ნიშნულამდე. აშშ-ს სხვა რეგიონულმა ბანკმა, Republic First Bancorp-მა ასევე გამოაცხადა რომ აუდიტორმა მის შიდა კონტროლის მექანიზმებში „მნიშვნელოვანი სისუსტე“ აღმოაჩინა. მიუხედავად იმისა, რომ ორივე ბანკი გასული წლის კრიზისის დროს გაკოტრებულ ბანკებთან შედარებით საკმაოდ პატარაა, რეგულატორები და ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ ამ მოვლენამ შესაძლოა კიდევ გამოიწვიოს რეგიონული ბანკების მიმართ უნდობლობა აშშ-ში.

პოტენციური ახალი საბანკო კრიზისის ბედი და მისი გავლენა ოქროზე მარტის თვის განმავლობაში გამოიკვეთება, რასაც ჩვენს შემდეგ მიმოხილვაში განვავრცობთ. მანამდე კი, საინვესტიციო ბანკების მედიანური მოლოდინის თანახმად, ოქროს საშუალო ფასი 5.1%-ით გაიზრდება 2024 წელს“, - ნათქვამია მიმოხილვაში.