2026 წლის იანვარში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) 480.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 19.0 პროცენტით მეტია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე. ინფორმაციას „საქსტატი“ ავრცელებს.
ადგილობრივი ექსპორტი (ექსპორტი რეექსპორტის გარეშე), მთლიანი ექსპორტის 65.1 პროცენტს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 68.1 პროცენტით გაიზარდა და 312.8 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა.
„საქსტატის“ ინფორმაციით, 2026 წლის იანვარში ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 74.5 პროცენტი შეადგინა. ამ მხრივ, უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორებია: ჩინეთი (64.2 მლნ. აშშ დოლარი), თურქეთი (49.3 მლნ. აშშ დოლარი) და რუსეთი (34.8 მლნ. აშშ დოლარი).
2026 წლის იანვარში ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილზე ნავთობი და ნავთობპროდუქტები არის წარმოდგენილი 56.2 მლნ. აშშ დოლარით, აღნიშნული სასაქონლო ჯგუფის წილი მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 18.0 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილზეა ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები, 51.0 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 16.3 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილს იკავებს სპილენძის მადნები და კონცენტრატები 24.0 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 7.7 პროცენტი).