2026 წლისთვის ფეხბურთის განვითარების ფონდის ბიუჯეტი 42.5 მილიონი ლარით განისაზღვრა.
რადიო „კომერსანტის“ ეთერში საუბრისას ფონდის ხელმძღვანელი გიორგი კალანდაძე განმარტავს, რომ სხვა დანარჩენთან ერთად დაწყებულია მუშაობა სამ ახალ პროექტზე.
„ერთ-ერთია კიბერ ფეხბურთი, რომელიც „უეფას“ მიერ აღიარებული ერთ-ერთი მიმართულებაა და მიმდინარე წელს ჩვენც დავიწყეთ კიბერ ფეხბურთში საქართველოს ჩემპიონატის საორგანიზაციო ხარჯების დაფინანსება. მეორე გახლავთ კატეგორია მინიჭებული სკოლების ტექნიკური მხარდაჭერა და უკვე გადავეცით სპორტული ინვენტარი საფეხბურთო სკოლებსა და აკადემიებს. რაც შეეხება მესამე სიახლეს, ეს არის სპორტული დაზღვევა - საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში მონაწილე სამი ლიგის 36 გუნდის დაახლოებით 850 ფეხბურთელს მიმდინარე წელს სპორტული დაზღვევა ექნებათ. საუბარია „კრისტალბეთ“ ეროვნულ ლიგაზე, „კრისტალბეთ“ ეროვნული ლიგა 2-სა და ეროვნული ლიგა 3-ზე. ჩემპიონატი თებერვლის ბოლოდან იწყება და ყველა ფეხბურთელი, რომელიც ფეხბურთის ფედერაციაშია რეგისტრირებული, დაზღვეული იქნება“, - აცხადებს გიორგი კალანდაძე.
მისივე ინფორმაციით, ფეხბურთის განვითარების ფონდი მუდმივად მუშაობს ახალი მიმართულების დამატებაზე, ამჯერად კი ერთ-ერთი სამომავლო პროექტია მუნიციპალური კლუბებისთვის თანხების გამოყოფა სტადიონების იჯარისთვის.
„შესაძლებელია, ფონდმა დამატებითი თანხები გამოყოს სტადიონების იჯარისთვის. ჩვენი მიდგომაა, ყველა თანაბრად დავაფინანსოთ. საკითხი განხილვის სტადიაშია და შესაძლებელია ეს საკითხიც გავითვალისწინოთ.
საფეხბურთო გარემოს ბიუჯეტის ზრდა ყოველთვის სჭირდება. სახელმწიფოს რისი საშუალებაც აქვს, კლუბებს იმის ფარგლებში ვაფინანსებთ. ამ 42 მილიონის გარდა, კლუბები დიდ ფეხბურთში ყოველწლიურად 80 მილიონამდე ხარჯავენ, ჩვენ კი, ასე ვთქვათ, თანადაფინანსებას ვახდენთ“, - აღნიშნავს გიორგი კალანდაძე.