„საქართველოს ეკონომიკამ შთამბეჭდავი მდგრადობა აჩვენა. 2024 წელს ეკონომიკურმა ზრდამ 9,4% შეადგინა. პანდემიის შემდგომ პერიოდში, საქართველო რეგიონსა და ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო შედეგების მქონე ქვეყნად იქცა და 2021-2024 წლებში საშუალოდ ზრდამ 9,7%-ს მიაღწია. 2025 წელიც მნიშვნელოვანი ეკონომიკური აქტივობით დაიწყო: იანვარ-აგვისტოში 7,9%-იანი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა არაბთა გაერთიანებული საამიროების გამოცემა Gulf News - სთან ინტერვიუში.

ამასთან, მინისტრმა განმარტა, რომ  წარმატებული მაკროეკონომიკური მაჩვენებლების კვალდაკვალ, ქვეყანა მზადაა გაგრძელდეს სტრუქტურული რეფორმების  პროცესი, ახალი საინვესტიციო შესაძლებლობების, მეტი მაღალი ხარისხის ინვესტიციების მოზიდვისა და პროდუქტიული კაპიტალის მოზიდვის ხელშეწყობის მიმართულებით, გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდის მისაღწევად.

მარიამ ქვრივიშვილმა ყურადღება გაამახვილა მსოფლიო ბანკის ავტორიტეტულ ანგარიშზე „B-READY 2024“, მიხედვითაც საქართველო მსოფლიოში პირველ ადგილზეა ბიზნესის კეთებისთვის საუკეთესო ადგილის თვალსაზრისით, მეორეზე - ოპერაციული ეფექტიანობის, ხოლო მეექვსეზე - გადასახადების კუთხით. მისი თქმით, ეს რეიტინგები ასახავს საფუძვლიან რეფორმებსა და ქვეყნის მიერ მიღწეულ პროგრესს.

“საქართველო აგრძელებს თავისი პოზიციის გაუმჯობესებას ბიზნესისთვის ხელსაყრელი და გლობალურად მიმზიდველი საინვესტიციო გარემოს ჩამოყალიბების მხრივ,” - აღნიშნა მინისტრმა. მისი თქმით, აღნიშნული დინამიკის შესანარჩუნებლად, საქართველოს მთავრობა ამარტივებს პროცედურებს, აუმჯობესებს ინფრასტრუქტურას და ზრდის ინვესტორთა მომსახურების არეალს. „ჩვენ ვავითარებთ კაპიტალის ბაზრებს ვენჩურული კაპიტალისა და კერძო ინვესტიციების ფონდების მეშვეობით, ასევე ვთავაზობთ მასტიმულირებელ მექანიზმებს, როგორიცაა FDI საგრანტო პროგრამა, რომელიც ინვესტორის ხარჯების ნაწილს ანაზღაურებს და საერთაშორისო კომპანიის სტატუსი, რომელიც ამცირებს საშემოსავლო და მოგების გადასახადების განაკვეთს IT კომპანიებისთვის 5%-მდე,“ - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს