„სარკინიგზო კოდექსში“ ცვლილებები ხორციელდება - კანონით განისაზღვრება, რომ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ან სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოს კაპიტალში არსებული მაგისტრალური სარკინიგზო ლიანდაგის და მისი დამცავი ზონის გასხვისება დაუშვებელი იქნება. ამასთან, შესაძლებელი იქნება ზემოთ ხსენებული ქონების სახელმწიფოს 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოს კაპიტალში შეტანა.
შესაბამისი ცვლილებები “სარკინიგზო კოდექსთან“ ერთად, “ სახელმწიფო ქონების შესახებ“ კანონში ხორციელდება, რომელიც პარლამენტში მთავრობამ წარადგინა და რომლის განხილვა დაგეგმილია დაჩქარებული წესით.
პროექტის თანახმად, კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში საქართველოს მთავრობამ მოქმედი მაგისტრალური სარკინიგზო ლიანდაგისა და მისი დამცავი ზონის ნუსხა უნდა დაამტკიცოს.
პროექტის განმარტებით ბარათში ხაზგასმულია, რომ მაგისტრალური სარკინიგზო ლიანდაგი და დამცავი ზონა ამ ეტაპზე გასხვისებული არ არის, თუმცა სამომავლოდ იმის უზრუნველსაყოფად, რომ აღნიშნული სტრატეგიული აქტივი სახელმწიფო კონტროლის ქვეშ დარჩეს, მნიშვნელოვანია აღნიშნულის საკანონმდებლო დონეზე ასახვა.
“კანონპროექტით აღარ იქნება შესაძლებელი საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული, მოქმედი მაგისტრალური სარკინიგზო ლიანდაგის და მისი დამცავი ზონის ნუსხით განსაზღვრული მაგისტრალური სარკინიგზო ლიანდაგის გასხვისება, რომელიც სახელმწიფო საკუთრებას წარმოადგენს ან არის სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოს კაპიტალში ან/და ბალანსზე რიცხული.
მაგისტრალური ლიანდაგის სახელმწიფო კონტროლის ქვეშ ყოფნა იმ გარემოებით არის განპირობებული, რომ სწორედ ამ სარკინიგზო ინფრასტრუქტურაზე ხორციელდება საერთაშორისო სატვირთო და სამგზავრო სარკინიგზო მიმოსვლა საქართველოს ტერიტორიაზე და ამ მიზეზით წარმოადგენს სტრატეგიულად ყველაზე ღირებულ სარკინიგზო ინფრასტრუქტურას. ამ ეტაპზე, მაგისტრალური სარკინიგზო ლიანდაგები და მათი დამცავი ზონები წარმოადგენს სახელმწიფო საწარმოების საკუთრებას, რითაც დღეისთვის უზრუნველყოფილია სახელმწიფო კონტროლი აღნიშნულ აქტივზე.
იმისათვის, რომ არსებული მდგომარეობა იქნას შენარჩუნებული მნიშვნელოვანია საკანონმდებლო დონეზეც იყოს ასახული, რომ დაუშვებელია მაგისტრალური სარკინიგზო ლიანდაგის და მისი დამცავი ზონის მესამე პირებისთვის საკუთრებაში გადაცემა“, - ნათქვამია კანონის პროექტის განმარტებით ბარათში.