"ქართული ოცნების" მთავრობამ პარლამენტს კანონპროექტი წარუდგინა, რომელიც „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებს ითვალისწინებს. ინიციატივის ავტორია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო.
კანონპროექტის მიხედვით:
- სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონება ყველა კატეგორიაში ერთიანი წესებით განიკარგება - აუქციონით, პირდაპირი მიყიდვით, ლიზინგით, მესამე პირის მეშვეობით, განაწილებით ან განადგურებით;
- ქონების უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წრე ფართოვდება და მოიცავს როგორც საჯარო უწყებებს, ასევე არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებსა და სახელმწიფოს წილობრივ მონაწილეობით შექმნილ საწარმოებს;
- სახელმწიფო ქონების შემძენს ექნება უფლება, შეძენილი ქონება იპოთეკით დატვირთოს იმ შემთხვევაშიც, როცა საინვესტიციო ვალდებულება არ მოითხოვს ინვესტიციას ან დანახარჯს;
- სახელმწიფო ინტერესების დასაცავად, იძულებითი აღსრულებისას საპრივატიზებო პირობები ახალ მესაკუთრეზე სრულად გადავა, თუ ეს პირობები რეესტრში დარეგისტრირებულია;
- საინვესტიციო ვალდებულების არქონის შემთხვევაშიც, ქონების მყიდველს კონტრაქტის გაფორმებამდე მოუწევს უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის წარდგენა.
კანონპროექტით ხორციელდება ტექნიკური და ტერმინოლოგიური ცვლილებებიც. მაგალითად, ტერმინი „რეალიზაცია“ ჩანაცვლდება ტერმინით „პრივატიზება“. ასევე, პროექტში წერია, რომ კანონიდან ამოღებულია არარელევანტური ნორმები, რომლებიც უკვე აღარ გამოიყენება.
განმარტებითი ბარათის მიხედვით, კანონპროექტის ძირითადი მიზეზი 2020 წელს განხორციელებული სტრუქტურული რეფორმაა, როცა ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო შეერწყა ეკონომიკის სამინისტროს ქონების ეროვნულ სააგენტოს. ამის შედეგად, მოძრავი ქონების განკარგვისა და სარგებლობაში გადაცემის უფლებამოსილებები ერთ უწყებაში მოექცა.
თუმცა მოქმედი კანონის რედაქცია სხვადასხვა კატეგორიის ქონების მიმართ განსხვავებულ მიდგომას ითვალისწინებდა, რაც პრაქტიკაში სირთულეებს ქმნიდა. მაგალითად, განსაკარგავად გადაცემული მოძრავი ქონება პირდაპირი მიყიდვის ან ლიზინგის წესით ვერ პრივატიზდებოდა, ხოლო ზოგი კატეგორიის ქონება მხოლოდ მთავრობის გადაწყვეტილებით ან აუქციონის გზით იყიდებოდა.
დღეს, 8 სექტემბერს "ოცნების" ერთპარტიული პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა კანონში ცვლილება, თანმდევ პროექტებთან ერთად, პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა.
მთავრობის შეფასებით, ცვლილებები:
- გაამარტივებს ქონების სააგენტოს მუშაობას და პროცესს ერთგვაროვნებას შესძენს;
- შექმნის უფრო მოქნილ გარემოს ქონების პრივატიზებისთვის;
- გააძლიერებს სახელმწიფო ინტერესების დაცვას იძულებითი აღსრულებისას;
- მოიტანეს ფინანსური დადებითი გავლენა სახელმწიფო ქონების შემძენებისთვის, რადგან ქონების იპოთეკით დატვირთვის შესაძლებლობა ფინანსური რესურსების მოზიდვას გაამარტივებს.
უწყება ელოდება, რომ ცვლილებები ბიუჯეტის შემოსულობებზე გავლენას იქონიებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პრივატიზებული ქონება იძულებითი აღსრულების წესით გაიყიდება, რადგან ასეთ დროს ახალი მფლობელი ვალდებული იქნება, სახელმწიფოს წინაშე არსებული პირობები შეასრულოს.
კანონი, გარდა პირველი მუხლისა, გამოქვეყნებისთანავე ამოქმედდება. პირველი მუხლი კი ძალაში შევა გამოქვეყნებიდან 46-ე დღეს, რათა ეკონომიკის სამინისტრომ მოასწროს კანონქვემდებარე აქტების მომზადება.
რას მოიცავს პირველი მუხლი? ამჟამად მოქმედ რედაქციაში სახელმწიფო ქონების შესახებ კანონის მოქმედება გარკვეულ შემთხვევებში არ ვრცელდება დაცულ ტერიტორიებსა და სახელმწიფო ტყეზე.
ანუ, პირველი მუხლით კანონში ზუსტდება, როდის ვრცელდება და როდის არ ვრცელდება კანონით გათვალისწინებული წესები დაცულ ტერიტორიებსა და სახელმწიფო ტყეზე.