რუსეთმა საქართველოდან კარტოფილის იმპორტი 9-თვიანი უწყვეტი შესყიდვების შემდეგ ივლისში შეაჩერა. ამის შესახებ რუსული მედია საქართველოს სტატისტიკის სამსახურის მონაცემებზე დაყრდნობით წერს.

ცნობისთვის, მიმდინარე წელს ივლისამდე, რუსეთმა 20. 545 მლნ დოლარის 50 347 ტონა ქართული კარტოფილი შეიძინა.

როგორც ადგილობრივი ექსპერტები აღნიშნავენ, მიზეზი შესაძლოა, განპირობებული იყოს იმით, რომ რუსეთში 2024 წელთან შედარებით კარტოფილის უკეთესი მოსავლის მოლოდინი არსებობს. სოფლის მეურნეობის სამინისტროს მონაცემებით, ივლისის შუა რიცხვების მონაცემებით, რუსეთში ადრეული კარტოფილის მოსავალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 36%-ით გაიზარდა და დაახლოებით 240 ათასი ტონა შეადგინა.

რუსული მედია წერს, რომ გასულ თვეში რუსეთმა ჩინეთიდანაც კარტოფილის იმპორტი 6.9 მილიონ დოლარამდე შეამცირა, რაც ივნისთან შედარებით 1,8-ჯერ ნაკლებია.

რაც შეეხება ზოგადად ქართული კარტოფილის ექსპორტს, საქსტატის მონაცემებით, წელს იანვარ-ივლისში ქვეყნიდან გავიდა 26.562 მლნ დოლარის ღირებულების კარტოფილი, აქედან 20.545 მლნ დოლარის რუსეთში, 3.709 მლნ დოლარის - აზერბაიჯანში, 1.368 მლნ დოლარის - ბელარუსში. შესაბამისად, გამოდის, რომ შესყიდვის შეწყვეტამდე ქართული კარტოფილის თითქმის 80% სწორედ რუსეთში გადიოდა.

წყარო: ბიზნესპრესნიუსი