საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გააუმჯობესა - ამის შესახებ შუა აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ სუბირ ლალმა სებ-ში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

სუბირ ლალის განცხადებით ფონდი წელს საქართველოში 4.8%-ის ნაცვლად, 5.7%-ის ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელთან, ნათია თურნავასთან და ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილთან გამართულ პრესკონფერენციაზე სუბირ ლალმა IMF-ის მისიის ძირითადი მიგნებების შესახებ ისაუბრა. მისი განმარტებით, სხვადასხვა პოზიტიური ფაქტორების, მათ შორის ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებამ ზრდის მოლოდინები გააუმჯობესა. განახლებული პროგნოზით, საქართველოს ეკონომიკა რეგიონში ყველაზე მაღალი ტემპით გაიზრდება.

სუბირ ლალის განცხადებით, საქართველოში ეკონომიკური ზრდა პროგნოზირებულ, საკმაოდ ზომიერ მაჩვენებლებს უახლოვდება.

„იყო პერიოდი, როცა ეკონომიკური ზრდა მაღალი იყო, რაზეც სხვადასხვა კომპონენტმა მოახდინა გავლენა: პოსტკოვიდის, „ლოკდაუნის“ შემდეგ მოხდა ეკონომიკის აღორძინება, გამოღვიძება, გამოფხიზლება; გარდა ამისა, ფინანსური შემოდინება გაიზარდა, ასევე გაიზარდა ადგილობრივი მოთხოვნა და ტურიზმი; გავლენა მოახდინა ვაჭრობამ, ექსპორტმა და იმპორტმა - ეს ის მიზეზებია, რამაც ეკონომიკური ზრდა გამოიწვია. ეს არ ხდებოდა მხოლოდ საქართველოში - ეს ყველგან ასე იყო, მაგრამ ასეთი მაღალი მაჩვენებლების მუდმივად შენარჩუნება არ ხდება.

ეს ვერც მოხერხდება, მერე ისევ ხდება სიტუაციის ნორმალიზაცია. ნორმალიზაცია ხდება და მაინც კარგი მდგომარეობაა, ზოგადი, ეკონომიკის კუთხით. მაჩვენებლები საკმაოდ სტაბილურია - 5%, ხუთზე მეტი. როგორც ითქვა, სტრუქტურული რეფორმებიც ხორციელდება, შესაბამისად, ჩვენ ვუახლოვდებით პროგნოზირებულ, საკმაოდ ზომიერ მაჩვენებლებს“, - განმარტა სუბირ ლალიმ.