2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის მიხედვით საბაზო პენსია (რომელსაც 70 წლამდე პენსიონერები იღებენ) მომავალ წელს მხოლოდ 20 ლარით იზრდება და 370 ლარი გახდება, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ეკონომისტი რომან გოცირიძე წერს.

მისი აზრით, ეს მატება იმაზე დაბალია, ვიდრე ფასების ზრდა საქონლის იმ სეგმენტში, რომლის შესაძენადაც პენსიონერები ხარჯავენ თავიანთი შემოსავლების 80 პროცენტზე მეტს.

"მიმდინარე წლის სექტემბრის თვის მდგომარეობით ფასები სურსათზე გაიზარდა 12 პროცენტით, ხოლო ჯანდაცვაზე 9 პროცენტით. იზრდება ასევე სხვა სეგმენტშიც. პენსიის რეალური ღირებულება დღეს არის 193 ლარი 2012 წლის ფასებით. საბაზო პენსია 2012 წელს იყო 125 ლარი, 2025 წელს კი 350 ლარია. თორმეტი წლის განმავლობაში პენსია რეალურად (ინფლაციის გათვალისწინებით) გაიზარდა მხოლოდ 68 ლარით. ეს წარმოუდგენელი ამბავია. კიდევ ერთი მაგალითი, თუ როგორია ქვეყანაში შემოსავლების რეალური მსყიდველობითუნარიანობა პენსიის სიდიდიდან გამომდინარე: “ქართული ოცნების” მმართველობის პერიოდში საბაზო პენსია საშუალოდ წლიურად იზრდებოდა მხოლოდ 5,7 ლარით (ინფლაციის გათვალისწინებით). ამავე პერიოდში პენსია იზრდებოდა მხოლოდ 5,3 დოლარის ოდენობით საშუალოდ წელიწადში. ამ ერთი მაგალითითაც ნათლად ჩანს, თუ როგორ უსამართლოდ ხდება შემოსავლების გადანაწილება ქვეყნის ბიუჯეტიდან. ასეულ მილიონობით ლარი ყოველწლიურად “ოცნების” კლანის ჯიბეებში მიედინება," - წერს რომან გოცირიძე.