საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ 2017 წლის 13 მაისის შეთანხმებაში ცვლილების შეტანის მიზნით მოლაპარაკებები გაიმართა.
საქართველოს მხრიდან მოლაპარაკებებს ხელმძღვანელობდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე, ხოლო ჩინეთის დელეგაციას - ჩინეთის კომერციის სამინისტროს, ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ჰან ჩანგტიანი.
შეთანხმების მოდერნიზაცია განხორციელდა ელექტრონული ვაჭრობის, ვაჭრობაში ტექნიკური ბარიერების, სანიტარული და ფიტოსანიტარული ზომების და ინვესტიციების ხელშეწყობის მიმართულებით.
მოლაპარაკებაზე მხარეები შეთანხმებაში შესატანი ცვლილებების ტექსტის ძირითად ნაწილზე შეთანხმდნენ. ასევე განხილულ იქნა საქართველოში წარმოებული თაფლისა და ფრინველის ხორცის ჩინეთის ბაზარზე დაშვების საკითხები, რომელთან დაკავშირებითაც ქართული მხარე უახლოეს მომავალში პოზიტიურ სიახლეებს ელოდება.
„ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებამ ორ ქვეყანას შორის სავაჭრო - ეკონომიკური ურთიერთობები ახალ სიმაღლეზე აიყვანა - გაიზარდა არა მხოლოდ სავაჭრო ბრუნვა, არამედ ხელი შეეწყო ინვესტიციებს, პოზიტიური ტენდენციებია ტურიზმისა და სამოქალაქო ავიაციის მიმართულებით და სხვ. ჩინეთი საქართველოს მნიშვნელოვანი ეკონომიკური პარტნიორია, ხოლო თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება შესაძლებლობა ქართველი მწარმოებლებისთვის, პრეფერეციული რეჟიმით პროდუქცია ჩინეთის ბაზარზე გაყიდონ,“ - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
მხარეები შეთანხმდნენ, რომ ცვლილებების ოქმს ხელი მომდევნო წლის პირველ კვარტალში მოეწერება.
ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს