ისრაელსა და პალესტინას შორის არსებული ომი გამოწვევას უქმნის მთლიანად მსოფლიო ეკონომიკას და მის ზრდის ტემპს. ცხადია, ჯერჯერობით ბუნდოვანება დიდია და არ ვიცით როდემდე გაგრძელდება ომი, თუმცა გარკვეული დანაკარგი მსოფლიო ეკონომიკას სავარაუდოდ მაინც ექნება. აღნიშნული ომი გარკვეულ ზეგავლენას ახდენს საქართველოს ეკონომიკაზეც როგორც პირდაპირ, ისე ირიბი სახით.
პირდაპირ უარყოფით ზეგავლენად ჩვენი ქვეყნისთვის ტურიზმის სექტორი და ფულადი გზავნილების მიმართულება უნდა განვიხილოთ. ოფიციალური სტატისტიკა გვიჩვენებს, რომ წლების განმავლობაში ისრაელიდან შემოსული ვიზიტორების მოცულობა ტოპ 5 ქვეყნის ვიზიტორებში შედის. მაგალითად, 2022 წელს ისრაელიდან საქართველოში ჯამში 210 ათასზე მეტი ვიზიტორი შემოვიდა, რაც პანდემიამდელს 2019 წელთან შედარებით 2.5%-ით მეტია. გარდა ამისა, ზრდის მიმართულება შეიმჩნევა მიმდინარე წელსაც. უნდა აღინიშნოს, რომ ისრაელიდან შემოსული ვიზიტორები ჩვენი ქვეყნის ტურიზმისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს. ამას რამდენიმე მიზეზი განაპირობებს, მათ შორის, ისრაელი რეზიდენტების მაღალ მხარჯველობა, მათი ხანგრძლივი დარჩენა საქართველოში და ასე შემდეგ. კერძო სექტორიც გვეუბნება, რომ თბილისში სასტუმროების დატვირთულობის 15% სწორედ ისრაელ მოქალაქეებზე მოდის. ცხადია, ომი ჩვენ ტურიზმზეც უარყოფით ზეგავლენას მოახდენს. რაც შეეხება ფულად გზავნილებს, აქ ზიანი შედარებით ნაკლები იქნება, გამომდინარე იქიდან, რომ ისრაელიდან გადმორიცხული თანხები ჩვენი ფულად გზავნილების მხოლოდ 4.8%-ს შეადგენს. მაგალითად, მიმდინარე წელს ისრაელიდან საქართველოში ჯამში 141 მლნ დოლარი გადმოირიცხა. ცხადია, რომ ამ მიმართულებითაც ფულადი გზავნილების შემცირებას უნდა ველოდოთ.
ომს ასევე არაპირდაპირი გავლენაც შეიძლება ჰქონდეს საქართველოზე, გამომდინარე იქიდან, რომ ახლო აღმოსავლეთი ნავთობის გამტარიანობის კუთხით მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს. კონფლიქტი კი საფრთხე უქმნის არა მხოლოდ ლოჯისტიკას, არამედ ირანის და არაბეთის ნავთობის წარმოების სტაბილურობას. ამ პანიკას უკვე მოყვა საერთაშორისო ბირჟებზე პანიკა და ბრენტის ტიპის ნავთობი 4%-ით 87 დოლარამდე გაიზარდა. თუ ზრდის ტენდენცია გაგრძელდა ბუნებრივია, რომ საწვავი საქართველოში გაძვირდება.