საგარეო ვაჭრობის წინასწარი ანგარიშის მიხედვით, 2025 წლის თებერვალში საქართველოს ექსპორტი იანვართან შედარებით 7%-ით შემცირდა და 431.5 მილიონი დოლარი შეადგინა.

რამ განაპირობა ექსპორტის მაჩვენებლის კლება და რას ნიშნავს ქვეყნისთვის ეს კლება? საკითხზე ,,კომერსანტი“ ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია ,,SavvY”-ს ასოცირებულ პარტნიორს გიორგი გუდაბანძეს ესაუბრა. მისი შეფასებით, ექსპორტში ნებისმიერი სახის კლება უარყოფითი მოვლენაა. გიორგი გუდაბანძე აცხადებს, რომ ქვეყნის დღევანდელი რეპუტაციული მდგომარეობა საკმაოდ ხელის შემშლელია ბიზნეს გარემოსთვის. მისივე შეფასებით, მსოფლიოში განვითარებული მოვლენები აჩვენებს, რომ გლობალური ეკონომიკური კრიზისის წინაშე ვართ. მისივე თქმით, შექმნილი მდგომარეობის მიუხედავად, საქართველომ განვითარებულ ბაზრებზე თავის დამკვიდრება უნდა გააგრძელოს და ამ საქმეში კერძო სექტორთან ერთად სახელმწიფო ინსტიტუტები უნდა გაერთიანდნენ.

გიორგი გუდაბანძე მიიჩნევს, რომ საქართველოს შეუძლია საერთაშორისო ბაზრებზე თავი დაიმკვიდროს და ვაჭრობის მოცულობა გაზარდოს, თუმცა შექმნილი პოლიტიკური და ეკონომიკური ფონი ხელშემშლელი ფაქტორებია.

,,მე პირადად მიმაჩნია და არა მხოლოდ მე, რომ ქვეყნის რეპუტაციული მდგომარეობა საკმაოდ ხელის შემშლელია ბიზნეს გარემოსთვის. ზოგადად, იმ ფონზე რაც მოვლენებიც ხდება საქართველოში და ზოგადად მსოფლიო მასშტაბით, გარკვეულ წილად ჩვენ ვართ ეკონომიკური კრიზისის წინაშე, როგორც ქვეყანაში ასევე მსოფლიოში. არ არის ნამდვილად მარტივი საქმე, მაგრამ ჩვენი მიზანია ევროკავშირი, როგორც პოლიტიკური ასევე ეკონომიკური ძირითადი პარტნიორი გახდეს ჩვენი. საბოლოო ჯამში ეს დავასრულოთ იმით, რომ გავხდეთ ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი. ვაჭრობა ამ მიმართულებით არის ერთ-ერთი ,,თიფ ფოინთი’’. პირველ რიგში ორმხრივი ვაჭრობა უნდა განვავითაროთ ევროკავშირთან, როგორც იმპორტის, ასევე ექსპორტის ნაწილში. განსაკუთრებით, როცა გვაქვს ევროკავშირთან 10 წელზე მეტია თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება ეს უპირატესობა მაქსიმალურად უნდა იყოს გამოყენებული. ნებისმიერი ჩართული მხარე, იქნება ეს კერძო სექტორი თუ სამთავრობო ინსტიტუტი თუ ბიზნესის ხელშემწყობი ორგანიზაცია, ამისთვის უნდა მუშაობდეს დაუღალავად, რომ უფრო მეტად ავითვისოთ ევროკავშირის ძალიან დიდი ბაზარი. აქ არა მხოლოდ ევროკავშირზეა საუბარი. საუბარია ასევე აშშ-ზე, გალფის რეგიონის ქვეყნები. ის ქვეყნები, რომლებიც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები არიან ვაჭრობის მიმართულებით. ერთობლივი მუშაობით მჯერა რომ ყველაფრის გამოსწორება შეიძლება, თუმცა ის პოლიტიკური და ეკონომიკური ფონი, რაც დღეს ხდება, საკმაოდ ხელის შემშლელი ფაქტორია.’’- აცხადებს გიორგი გუდაბანძე.

რამ განაპირობა ექსპორტის მაჩვენებლის შემცირება? კითხვაზე პასუხისას გიორგი გუდაბანძე აცხადებს, რომ ამის მიზეზი ბევრი რამ შეიძლება იყოს, თუმცა ის მთავარ გამოწვევად ბიზნესის ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობას ასახელებს. გიორგი გუდაბანძე განმარტავს, რომ საერთაშორისო ბაზრებზე თავის დასამკვიდრებლად მიწოდების უწყვეტი ჯაჭვის უზრუნველყოფაა საჭირო. ასევე ბიზნესებმა შემსყიდველები უნდა დაარწმუნოს, რომ ისინი სანდო პარტნიორები არიან, რომლებიც ხარისხიან პროდუქციასა და მომსახურებას ქმნიან. ამისათვის კი მცირე და საშუალო ბიზნესს ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობა სჭირდებათ.

,,აქ შესაძლოა საუბარი იყოს ფინანსებზე ხელმისაწვდომობა რამდენად არის საქართველოში. მაგალითად, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს რამდენად აქვთ საშუალება ისარგებლონ სხვადასხვა ფინანსური პროდუქტებით, იმისათვის რომ მათი პროდუქცია სარფიანად და მარტივად გაიყიდოს განვითარებულ ბაზრებზე. იგივე მარაგების კუთხით, რამდენად არიან ჩვენი ბიზნესები მოქნილები, რომ მიწოდების უწყვეტი ჯაჭვი უზრუნველყონ. აქ არის საუბარი, რომ გადახდის მეთოდებზე, რომელსაც სთავაზობენ შემსყიდველები ჩვენს ბიზნესებს. რამდენად არიან ჩვენი ბიზნესები მზად გადახდის ამ პირობებისთვის? აქ კონკრეტულად ვგულისხმობ იმას, რომ თითქმის არც ერთი შემსყიდველი საერთაშორისო ბაზრებიდან არ სთავაზობს წინასწარ სრულ გადახდას. ეს ზოგადად მიღებული პრაქტიკაა. შესაბამისად, ჩვენს ბიზნესებს ექმნებათ ქეშის დეფიციტი. მათ უწევთ ლოდინი იმისათვის, რომ შემოსავალი მიიღონ კონკრეტული გაყიდული პროდუქციიდან. საუბარია კონკრეტულ ვადებზე. შესაძლოა 2 თვემდეც კი იყოს გაწელილი შემოსავლის მიღების ვადა. ეს ყველაფერი ერთად ქმნის გარკვეულ დაბრკოლებას ბიზნესისთვის და რა თქმა უნდა ბუნებრივია, რომ ბიზნესის განვითარებას ხელს უშლის.’’- აცხადებს გიორგი გუდაბანძე.

საკონსულტაციო კომპანია ,,SavvY”-ს ასოცირებული პარტნიორი კიდევ ერთ გამოწვევად ნდობის ფაქტორს ასახელებს. გიორგი გუდაბანძე განმარტავს, რომ საქართველოს საერთაშორისო ვაჭრობაში უნდა ჰქონდეს სანდო პარტნიორის რეპუტაცია, რისთვისაც საჭიროა ქვეყნის და ადგილობრივი წარმოების პროდუქციის პოპულარიზაცია.

,,რეპუტაციულად საქართველო უნდა იყოს წარმოდგენილი ისეთ ქვეყნად, რომ ნდობის ფაქტორი იყოს მაღალი საერთაშორისო შემსყიდველების მხრიდან. ზოგადად საერთაშორისო ვაჭრობის მიმართულებით ბიზნეს გარემოს გაუმჯობესება ნამდვილად საჭიროა და ნამდვილად უფრო აქტიური ჩარევებია საჭირო. საჭიროა ქვეყნის პოპულარიზაცია, როგორც სანდო, სტაბილური მიმწოდებლის და საქართველოში წარმოებული პროდუქციის პოპულარიზაცია. გარკვეული პროდუქციის ჯგუფების მიხედვით, სექტორულად უნდა მიუდგეს ამას ნებისმიერი დაკავშირებული პირი. იქნება ეს სამთავრობო ინსტიტუტი, იქნება ეს კერძო ბიზნესი თუ ბიზნესის ხელშემწყობი ორგანიზაცია. ნებისმიერი ირიბად თუ პირდაპირ ჩართული მხარე ერთობლივად უნდა მუშაობდნენ და ერთობლივი მუშაობით უნდა გამოსწორდეს ეს მიმართულება.’’- აცხადებს გიორგი გუდაბანძე.

საკონსულტაციო კომპანია ,,SavvY”-ს ასოცირებული პარტნიორი აცხადებს, რომ საქართველოს მიზანია საექსპორტო გაყიდვები სტაბილურ და განვითარებულ ბაზრებზე გაზარდოს. მიზნის მისაღწევად კი საჭიროა ქართულმა ბიზნესებმა სტაბილურობა იგრძნონ. გიორგი გუდაბანძე განმარტავს, რომ საჭიროა როგორც ქვეყნის, ასევე ქართული წარმოების პროდუქციის პოპულარიზაცია. ასევე, საქართველოს როგორც სტაბილური სავაჭრო პარტნიორის წარმოჩენა, რომელსაც შეუძლია საერთაშორისო ბაზრებს პროდუქცია და მომსახურება უწყვეტად მიაწოდოს.

,,ჩვენი მთავარი მიზანი, როგორც ქვეყნის არის მეტი შემოსავლის გენერირება მოხდეს საზღვარგარეთ და განსაკუთრებით განვითარებულ ქვეყნებზე ექსპორტირებული, გაყიდული პროდუქციის მეშვეობით. შესაბამისად, ნებისმიერი სახის კლება არის საკმაოდ უარყოფითი მოვლენა. სხვა საკითხია რა არის ამისი მიზეზი და რატომ ხდება ეს? ჩვენთვის პრიორიტეტი რა უნდა იყოს? რომ ჩვენი საექსპორტო გაყიდვები გაიზარდოს და გაიზარდოს სტაბილური, განვითარებული ბაზრების მიმართულებით. მოხდეს ბაზრების დივერსიფიცირება, რომ ჩვენი ექსპორტიორები, მწარმოებლები, რომლებიც საქართველოს ფარგლებს გარეთ, განვითარებულ ბაზრებზე ყიდიან მათ მიერ წარმოებულ პროდუქციას, თუ აწვდიან კონკრეტულ მომსახურებას იყვნენ სტაბილურად, მათ ჰქონდეთ სტაბილურობის შეგრძნება და მათი ეკონომიკური და ბიზნეს მაჩვენებლები არ იყოს გარკვეული საფრთხეების ქვეშ. შესაბამისად, ექსპორტის კლება არის ძალიან ცუდი. საჭიროა მეტი პრომოუშენი, მეტი პოპულარიზაცია სჭირდება საქართველოს, როგორც ქვეყანას განვითარებულ ბაზრებზე, მეტი პრომოუშენი სჭირდება საქართველოში წარმოებულ პროდუქციასა და საქართველოდან მიწოდებულ მომსახურებას განვითარებულ ბაზრებზე. ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ უნდა დავიმკვიდროთ თავი როგორც სტაბილურმა მიმწოდებელმა ქვეყანამ იმისათვის, რომ საერთაშორისო მყიდველების თვალში ვიყოთ სტაბილური მიმწოდებელი ქვეყანა, რომელიც აწარმოებს ხარისხიან პროდუქციას, რომელსაც შეუძლია დააკმაყოფილოს გარკვეული მოთხოვნები პროდუქციის უვნებლობასთან თუ მიწოდების ჯაჭვთან დაკავშირებით. შესაბამისად ამ მიმართულებით უნდა გადაიდგას ნაბიჯები.’’- აცხადებს გიორგი გუდაბანძე.