გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის ნინო თანდილაშვილის შეფასებით, წლევანდელი რთველი გამორჩეული იყო. სუბსიდირების დროს სახელმწიფომ ყურადღება გაამახვილა ხარისხიან ყურძენზე, რაც უფრო მეტი ხარისხიანი ღვინის წარმოებას ნიშნავს. ეს კი, მწარმოებლებს საერთაშორისო ბაზარზე უკეთესად პოზიციონირებაში ხელს შეუწყობს.
"წელს დამოუკიდებლობის ისტორიაში უპრეცედენტო მასშტაბის მოსავალი გვქონდა, 350 000 ტონა ყურძენი დაბინავდა. ასევე, ჩვენ აქცენტი გავაკეთეთ ხარისხიან ყურძენზე, რაც ხარისხიანი ღვინის წარმოების მთავარი წინაპირობაა. საერთაშორისო ბაზრებზე დიდი კონკურენციაა და ის, რომ ქართული ყურძენი და ღვინო უნიკალურია, რა თქმა უნდა ეს ყველაფერი ხარისხში უნდა აისახოს. წლევანდელი რთველი მართლაც გამორჩეული იყო ამ კუთხით და ვიტყვი, ამან ჩაუყარა საფუძველი, რომ ჩვენ მომდევნო წლებში კიდევ უფრო მეტი აქცენტი გავაკეთოთ ღვინის ხარისხის გაუმჯობესებაზე და გავაფართოოთ საერთაშორისო ბაზრები, სადაც შეიძლება რომ წარმოვადგინოთ ეს ყველაფერი", - განაცხადა ნინო თანდილაშვილმა "ბიზნესპარტნიორის ღამის ეთერში", სადაც უწყების 2025 წლის საქმიანობას აჯამებდა.
მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა მელიორაციის ნაწილზეც.
"მელიორაციის 26 -მდე პროექტი დავასრულეთ, რომელმაც საშუალება მოგვცა, დაახლოებით 12 000 ჰა ფართობზე გაგვეუმჯობესებინა წყალუზრუნველყოფა ჩვენი ფერმერებისთვის. დავიწყეთ ასევე უპრეცედენტო პროექტი, ეს არის ილტოს წყალსაცავის მშენებლობა, ფაქტობრივად საპროექტო სამუშაოები უკვე დაწყებულია. ჩავთვალოთ, რომ კახეთის რეგიონში, რომელსაც პროდუქციის როგორც ხარისხის, ისე რაოდენობის ზრდის ნაწილში დიდი პოტენციალი აქვს, მთლიანად დავფარავთ ფერმერების საჭიროებას წყალუზრუნველყოფის ნაწილში", - აღნიშნა ნინო თანდილაშვილმა.