რუსეთის ყველა უმსხვილეს ნავთობკომპანიას წლის პირველ ნახევარში მოგება 2-3-ჯერ შეუმცირდა - მონაცემებს The Moscow Times ნავთობკომპანიების მიერ გასულ კვირას გამოქვეყნებულ ანგარიშებზე დაყრდნობით ავრცელებს.
კერძოდ, „როსნეფტი,“ რომელზეც მოპოვებული ნავთობიდან ყოველი მეორე ბარელი მოდის, იუწყება, რომ აქციონერებისთვის მოგება სამჯერ, ანუ 773-დან 245 მლრდ რუბლამდე (9.6-დან 3 მლრდ დოლარამდე) შემცირდა.
„როსნეფტის“ ხელმძღვანელ იგორ სეჩინის შეფასებით, OPEC-ის ქვეყნები აქტიურად ზრდიან წარმოებას, რამაც მსოფლიო ფასები დაწია. ასევე, ევროკავშირისა და აშშ-ის მიერ სანქციების გამკაცრების გამო „რუსულ ნავთობზე დისკონტი გაფართოვდა.”
ლუკოილმა,“ რომელიც ნავთობწარმოებით მეორე ადგილზეა, მოგების ნახევარი დაკარგა. კერძოდ, კომპანიის მოგება წინა წლის 590 მლრდ რუბლიდან 287 მლრდ რუბლამდე (7.3-დან 3.5 მლრდ დოლარამდე) შემცირდა. კომპანიის შემოსავალი 17%-ით, ხოლო EBITDA-ს მაჩვენბელი 1.6-ჯერ დაეცა.
ასევე, „გაზპრომ-ნეფტის“ მოგება 54%-ით, 150 მლრდ რუბლამდე (1.8 მლრდ დოლარამდე), ხოლო შემოსავალი 12%-ით შემცირდა, მაშინ, როცა კომპანიამ წარმოება 5%-ით, ხოლო ნავთობგადამუშავება 4%-ით გაზარდა.
„სურგუტნეფტეგაზი,“ რომელიც წარმოების მხრივ მეოთხე ადგილზეა, წამგებიანი გახდა: კომპანიამ ექვს თვეში 452.7 მლრდ რუბლი (5.6 მლრდ დოლარი) დაკარგა.
„ტატნეფტის“ მოგება, თითქმის, სამჯერ, 54.2 მლრდ რუბლამდე (672 მლნ დოლარამდე), ხოლო „რუსნეფტის“ 3.2-ჯერ, 11.8 მლრდ რუბლამდე (146 მლნ დოლარამდე) შემცირდა.
რუსეთის ნავთობისა და გაზის სექტორმა წელს მოგების 50.4% დაკარგა
მთლიანობაში, „როსსტატის“ მონაცემებით, რუსეთის ნავთობისა და გაზის სექტორმა, რომელზეც ფედერალურ ბიუჯეტში ყოველი მესამე რუბლი არის დამოკიდებული, მოგების 50.4% დაკარგა. მისი სუფთა ფინანსური შედეგი ნახევარ წელიწადში 1.264 ტრლნ რუბლამდე (15.7 მლრდ დოლარამდე) შემცირდა. ამასთან, კომპანიების 45%-მა წლის პირველი ნახევარი 749.5 მლრდ რუბლის (9.3 მლრდ დოლარის) ზარალით დაასრულა.
ნავთობის მთავარ რეგიონში, ხანტი-მანსის ავტონომიურ ოლქში, რომელიც ქვეყნის მთლიანი წარმოების 40%-ს უზრუნველყოფს, ნავთობის ინდუსტრია წამგებიანი გახდა. კერძოდ, “ტიუმენსტატის” იანვარ-მაისის მონაცემებით, კომპანიები 506.3 მლრდ რუბლის (6.3 მლრდ დოლარის) მინუსში მუშაობდნენ.
ბარელ რუსულ Urals-ზე ფასი, რომელიც წლის დასაწყისში, თითქმის, 70 დოლარი ღირდა, მაისისთვის 52.1 დოლარამდე, ხოლო ივნისში 59.8 დოლარამდე დაეცა. რუბლში მისი ღირებულება 6 თვის განმავლობაში, თითქმის, 30%-ით დაეცა და ბარელზე 4.7 ათას რუბლს (58 დოლარს) მიაღწია.
ექსპერტების შეფასებით, წელს ნავთობკომპანიებსა და იმპორტიორებს შორის ურთიერთობები მეორადი სანქციების საფრთხის გამო დესტაბილიზებულია. შედეგად რუსული ნავთობის სექტორი გაყიდვების შეზღუდვების წინაშე აღმოჩნდა: ჩინეთში ექსპორტი წლის პირველ ნახევარში ფიზიკური მოცულობით 11%-ით, ხოლო ფულადი ოდენობით 24%-ით შემცირდა.
აზიის ქვეყნების გარდა, რომლებზეც ექსპორტის 80%-ზე მეტი მოდის, რუსულ ნედლ ნავთობს, თითქმის, არავინ ყიდულობს. თუმცა იმავე აღმოსავლეთში რუსებს ნაკადის გაზრდა უჭირთ, რადგან, ექსპერტების შეფასებით, ტანკერები არასაკმარისი, ხოლო პორტები გადატვირთულია.