საერთაშორისო ვაჭრობა რომ დიდი ხანია, აპრობირებულია, ყველამ ვიცით, მაგრამ ოდესმე გიფიქრიათ ან გაგიგიათ, რომ ნარჩენებით ვაჭრობაც ხდება? ეს რეალობაა. ბევრი განვითარებული ქვეყანა თავისი ნარჩენების ნაწილს, განსაკუთრებით, პლასტმასისა და ელექტრონულ ნივთებს განვითარებად ქვეყნებში აგზავნის, სადაც გარემოსდაცვითი რეგულაციები ხშირად უფრო შემსუბუქებულია და განადგურება უფრო იაფია.
ეს პრაქტიკა მნიშვნელოვან კითხვებს ბადებს გარემოსდაცვითი, გლობალური სავაჭრო ეთიკისა და დაბინძურების არაპროპორციული ზემოქმედების შესახებ დაუცველ მოსახლეობაზე.
რატომ ახორციელებენ განვითარებული ქვეყნები ნარჩენების ექსპორტს
განვითარებული ქვეყნები, როგორიცაა ამერიკის შეერთებული შტატები, გაერთიანებული სამეფო, გერმანია, იაპონია და სხვა, უზარმაზარი რაოდენობით ნარჩენებს წარმოქმნიან. მაღალი შრომის ხარჯების, მკაცრი გარემოსდაცვითი კანონებისა და ნაგავსაყრელებისთვის შეზღუდული სივრცის გამო, ნარჩენების ადგილობრივად განადგურება ან გადამუშავება შეიძლება ძვირი დაჯდეს და, ამავდროულად, დიდ ბიუროკრატიასთანაც იყოს დაკავშირებული.
ამ მიზეზით, ნარჩენების ექსპორტი ეკონომიკურად მოსახერხებელ გადაწყვეტად იქცევა. ნაგვის საზღვარგარეთ გაგზავნით, კომპანიები თავს არიდებენ ადგილობრივი განადგურების ხარჯებს, ხოლო იმპორტიორი ქვეყნები ზოგჯერ ნარჩენებს იღებენ გადამუშავების სექტორებში სამუშაო ადგილების სანაცვლოდ.
როგორ ხდება ნარჩენების საერთაშორისო ტრანსპორტირება
პირველი ეტაპია შეგროვება და დახარისხება. განვითარებულ ქვეყნებში ნარჩენები, განსაკუთრებით, გადამუშავებადი მასალები, გროვდება და ხარისხდება ადგილობრივ ობიექტებში. ისეთი მასალები, როგორიცაა პლასტმასა, ელექტრონიკა, ლითონები და ქაღალდი, გამოიყოფა და იყიდება ბროკერებზე ან ნარჩენების მართვის კომპანიებზე.
ექსპორტის შეთანხმებები და ბროკერები
დახარისხებულ ნარჩენებს ყიდულობენ სპეციალიზებული ბროკერები ან შუამავლები, რომლებიც უზრუნველყოფენ მათ საერთაშორისო გადაზიდვას. ეს კომპანიები ხშირად აწარმოებენ კონტრაქტებს განვითარებადი ქვეყნების გადამამუშავებელ სამსახურებთან ან მთავრობებთან.
ტრანსპორტირება
ნარჩენები იფუთება სატრანსპორტო კონტეინერებში, რომლებიც, როგორც წესი, საერთაშორისო ვაჭრობისთვის გამოიყენება. შემდეგ კონტეინერები იგზავნება სატვირთო გემებით – ხშირად ევროპიდან ან ჩრდილოეთ ამერიკიდან აზიაში. იმპორტი და განადგურება
როგორც კი ნარჩენები ისეთ განვითარებად ქვეყნებში მოხვდება, როგორიცაა მალაიზია, ინდონეზია, ინდოეთი, ფილიპინები, განა ან ნიგერია, შესაძლოა ისინი გადამუშავდეს არაფორმალური მუშაკების მიერ, რაც ხშირად სახიფათო და არაჯანსაღ პირობებში ხდება.
მეორე ვარიანტია, რომ ნარჩენები დაიწვას, რაც ხელს უწყობს ჰაერის დაბინძურებას და სათბურის გაზების გამოყოფას.
კიდევ ერთი ვერსიით კი, ნარჩენები უკანონოდ გადაიყრება მდინარეებში, ოკეანეებში ან ღია ნაგავსაყრელებზე.
საზღვარგარეთ გაგზავნილი ნარჩენების ტიპები
ზემოთ ზოგადად კი დავწერეთ, მაგრამ მოდი, ჩავშალოთ, რა ტიპის ნარჩენების ექსპორტი ხდება ძირითადად:
- პლასტმასის ნარჩენები
- ელექტრონული ნარჩენები: ძველი კომპიუტერები, ტელეფონები და სხვა
- სახიფათო ნარჩენები: ელემენტები, ქიმიკატები, სამრეწველო სუბპროდუქტები
- ჯართი და ქაღალდი: ზოგჯერ გადამუშავებადია, მაგრამ ხშირად შერეულია გამოუსადეგარ მასალასთან
ჩინეთის აკრძალვა
ამ თემაზე საუბრისას გვერდს ვერ ავუვლით, რომ ათწლეულების განმავლობაში ჩინეთი გადამუშავებადი ნარჩენების მსოფლიოში უდიდესი იმპორტიორი იყო, თუმცა 2018 წელს, გარემოსდაცვითი და ჯანმრთელობის პრობლემების გამო, აკრძალა ნარჩენების უმეტესობის იმპორტი.ამან გლობალური ტალღური ეფექტი შექმნა, რამაც ექსპორტიორი ქვეყნები აიძულა, ახალი მიმართულებები ეპოვათ.
ნარჩენების ექსპორტ-იმპორტის გარემოსდაცვითი და სოციალური შედეგები
რამდენიმე ძირითადი და მწვავე მიზეზი არსებობს, რომლებიც გვიჩვენებს, რა უარყოფით გავლენას ახდენს ნარჩენებისადმი ასეთი მიდგომა.
პირველი ესაა გარემოსდაცვითი ზიანი – პლასტმასის ღია წვა იწვევს ჰაერში ტოქსინებისა და სათბურის გაზების გამოყოფას; ელექტრონული ნარჩენები ტყვიას, ვერცხლისწყალს და კადმიუმს ნიადაგსა და წყალში გამოყოფს; არარეგულირებადი ნაგავსაყრელები ხელს უწყობს ოკეანის დაბინძურებას.
რაც შეეხება სოციალურ შედეგებს, მუშაკებს შორის ხშირად არიან არასრულწლოვანები ან დაუცველი მუშები. გარდა ამისა, საშიში ნივთიერებების ზემოქმედება იწვევს კიბოს, სასუნთქი გზების დაავადებებს და ნევროლოგიურ დაზიანებებს.
მდგრადი ალტერნატივები
გავრცელებული პრაქტიკის უარყოფითი მხარეების ჩამოთვლა ბევრად მარტივია, ვიდრე სწორი გადაწყვეტის მოფიქრება. ერთი ვარიანტია, რომ ექსპორტიორ ქვეყნებში გაძლიერდეს შიდა გადამუშავების ინფრასტრუქტურა და აღარ გახდეს საჭირო ნარჩენების გატანა სხვაგან.
აგრეთვე მნიშვნელოვანია წრიული ეკონომიკის პრინციპების ხელშეწყობა: პროდუქციის შემცირება, ხელახალი გამოყენება, ხელახალი დიზაინი და მწარმოებლის გაფართოებული პასუხისმგებლობა, ანუ კომპანიების პასუხისმგებლობის აღება თავიანთი პროდუქციის ნარჩენების მართვაზე.
პასუხისმგებლობა, რომელიც ამ თემის გარშემო განიხილება, ყველას გვეხება – დაწყებული სახელმწიფოთი, რიგითი მოქალაქეებით დამთავრებული. მდგრადი მომავლის შექმნისთვის ხალხებმა უნდა ჩადონ ინვესტიცია ახალ სისტემაში, რომელიც ნარჩენების გადამუშავებას ადგილობრივად დააორგანიზებს და არ გახდება საჭირო მისი ექსპორტი.
წყარო: marketer.ge, Wasteless.