„მწვანე ეკონომიკა და მწვანე ენერგეტიკა ჩვენი ქვეყნის სავიზიტო ბარათია, რადგან ჩვენ უდიდესი პოტენციალი გვაქვს ჰიდრო, მზის, ქარის ენერგიისა და ბიო მასის თვალსაზრისით. მზის ენერგია ბოლო წლებში ძალიან აქტუალური გახდა. დიდი ისტორია გვაქვს ჰიდროენერგეტიკის თვალსაზრისით და დასანანია ის, რომ ჩვენი ჰიდრო რესურსების მხოლოდ და მხოლოდ 22% გვაქვს ათვისებული“, - ამის შესახებ საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა მაია მელიქიძემ რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „ბრენდი საქართველო“ მწვანე ენერგეტიკის საკითხზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოში 26 000 მდინარეა, თუმცა მათგან ჰიდროენერგეტიკის წარმოებისთვის მხოლოდ 300-ის გამოყენებაა შესაძლებელი, ხოლო ამ 300 მდინარიდან მხოლოდ 22%-ია ათვისებული.
წამყვანის კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა საქართველოში ატომური ელექტროსადგურის აშენება, მან განმარტა, რომ საქართველოს დღის წესრიგში ეს საკითხი არ დგას.
„საქართველოში ამ საკითხს არ განვიხილავთ, რადგან იმდენად ბევრი გვაქვს სხვა რესურსი, რომ ჯერ ის არ აგვითვისებია. თუ მათ ავითვისებთ და შემდეგ დავდგებით ამ გამოწვევის წინაშე, თუ როგორ ჩავანაცვლოთ იმპორტი, დარწმუნებული ვარ რომ ერთ-ერთ საკითხად დადგება ატომური ელექტროსადგურის მშენებლობა“, - აღნიშნა მაია მელიქიძემ.
როგორც მან განაცხადა, თუ საზოგადოება გენერაციის წყაროების გაზრდის წინააღმდეგია და ამავდროულად, არც ის არის მისაღები, რომ ელექტროენერგიის იმპორტი ოკუპანტი ქვეყნიდან ხორციელდებოდეს, მაშინ ეს ნიშნავს იმას, რომ მოხმარების გრაფიკზე უნდა გადავიდეთ.
„არავის სურს გრაფიკზე გადასვლა და წარსულში დაბრუნება. ამიტომ ერთადერთი გამოსავალი არის იმპორტი. ჩვენს ქვეყანაში ამ წუთისთვის მოხმარების დონე არის 1780 მეგავატი, რომლიდანაც 826 მეგავატი არის იმპორტირებული ელექტროენერგია.
წლიდან წლამდე საქართველოში მოხმარება იზრდება საშუალოდ 5-იდან 7%-მდე. აღნიშნულ ზრდას იწვევს გააქტიურებული მშენებლობები, ელექტრომობილები და ა.შ. თუ ჩვენ ხელს არ შევუწყობთ გენერაციას, უფრო და უფრო მეტად ვიქნებით დამოკიდებული იმპორტზე“, - განაცხადა მაია მიქელაძემ.
მისი განმარტებით, ევროკავშირისთვის საქართველო ელექტროენერგიის იმპორტის კუთხით ძალიან საინტერესო ქვეყანაა. გარდა ამისა, ამით დაინტერესებულია აზერბაიჯანიც, რომელსაც სურს საკუთარ ქვეყანაში წარმოებული ელექტროენერგია საქართველოს გავლით ევროპაში გაყიდოს.
გადაცემის მეორე სტუმარმა მზის ენერგიის ასოციაციის ხელმძღვანელმა თორნიკე დარჯანიამ საქართველოში მზის ენერგიით ელექტოენერგიის წარმოების შესაძლებლობებზე ისაუბრა.
„მზის პანელები არის ერთადერთი საშუალება იმისთვის, რომ ინდივიდუალური ენერგოდამოუკიდებლობა განვითარდეს. გარდა ამისა, იმ ადამიანებს, რომლებსაც არ აქვთ გაცნობიერებული თუ საიდან იწარმოება ელექტროენერგია და შესაბამისად, მათთვის ეს არ არის აქტუალური, გავაგებინოთ რომ ელექტროენერგიის წარმოება თავადაც შეუძლიათ.
რაც შეეხება სიძვირის ნაწილს, მაშინ როდესაც ქვეყანაში ყველაფერი გაძვირდა, ჩვენ 20-30%-ით გავაიაფეთ ეს პროდუქტი, რადგან გლობალურ ბაზარზე მზის პანელებზე გაიაფდა ჭარბი მოთხოვნისა და დიდი რაოდენობით წარმოებიდან გამომდინარე. დღეს ჩადებული ინვესტიცია იურიდიულ პირს შეუძლია 3-4 წელში და ფიზიკურ პირს 4-5 წელში ამოიღოს“, - აღნიშნა თორნიკე დარჯანიამ.
მისი თქმით, საქართველოში სასმელი წლის მწარმოებელი ერთ-ერთი კომპანია მთლიანად საკუთარი მზის პანელებით გამომუშავებულ ელექტროენერგიას იყენებს, რისი დამსახურებითაც მას ელექტროენერგიის ხარჯი განულებული აქვს. ასევე არიან კომპანიები, რომელთაც მზის ენერგიის გამოყენებით ელექტროენერგიის საკუთარი გადასახდელი 50-60%-ით უკვე შეამცირეს.
„ჩვენ ამ დროისთვის საქართველოში გვაქვს დაყენებული ჯამში 60 მეგავატამდე სიმძლავრის მზის პანელები, რომლებიც იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ არის გაკეთებული. ქვეყანაში არ გვაქვს მზის დიდი ენერგოსადგურები და სწორედ ეს არის პერსპექტივა. საქართველოში 2030 წლამდე უნდა დამონტაჟდეს 300-იდან 500 მეგავატამდე სიმძლავრის მზის სადგურები. მინდა რომ ამ პერიოდისთვის შევძლოთ ამ ოდენობის ათვისება“, - განაცხადა თორნიკე დარჯანიამ.
როგორც მან განმარტა, სომხეთში გამომუშავებული ელექტროენერგიის დაახლოებით 15% უკვე მზის ენერგოსადგურებზე მოდის, მაშინ, როდესაც საქართველოში ეს მაჩვენებელი 0,5%-იც არ არის.