მთავრობამ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება შპს ბახვი 2-ს აღნაგობის უფლებით გადასცა.

დადგენილების მიხედვით, კომპანიას სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ალპურ საძოვრებში (ბახვი) მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 7 კვ/მ და 212 კვ/მ მიწის ნაკვეთები პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 902 ლარად გადაეცა.

ჰესის მშენებელ კომპანიას საპრივატიზებო პირობად განესაზღვრა:

  • საპრივატიზებო თანხის – 902 ლარის გადახდა ხელშეკრულების გაფორმებიდან 1 თვის ვადაში;
  • მთავრობას, შპს ბახვი 2-ს, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემასა და ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს შორის 2023 წლის 11 ივლისს გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმით განსაზღვრული „ბახვი 2“ ჰიდროელექტროსადგურის აშენება და ექსპლუატაციაში მიღება;

„სახელმწიფო ქონების შესახებ“ კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მიეცეს თანხმობა სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, რომ შპს ბახვი 2-ს შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 49 წლის ვადით, წლიურ სარგებლობაში გადაცემის საფასურად – 51 ლარად, აღნაგობის უფლებით გადასცეს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, ალპურ საძოვრებში (ბახვი) მდებარე 178 კვ/მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი", - წერია მთავრობის განკარგულებაში.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, მდინარე ბახვისწყალზე ბახვი ჰესის კასკადის მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა. როგორც BMGTV-ის გადაცემა „წერტილთან“ ინტერვიუში საკონსულტაციო და დეველოპერული კომპანია Energy Solution-ის მმართველმა პარტნიორმა და კომპანია „ბახვი ჰესის“ დირექტორმა, გიორგი აბრამიშვილმა მიმდინარე წლის სექტემბერში განაცხადა, ჰესის კასკადში შემავალი სამივე ჰიდროელექტროსადგური ექსპლუატაციაში, სავარაუდოდ, წელსვე შევა.

ბახვი ჰესის კასკადის [ბახვი 1, ბახვი 2ა, ბახვი 2ბ] ჯამური დადგმული სიმძლავრე 46 მგვტ-ია, ხოლო ინვესტიცია $90 მილიონი. პროექტს Energy Solution-ი აშშ-ში დაფუძნებულ საინვესტიციო ფონდთან ერთად ახორციელებს.

პროექტის თანახმად, ბახვი 1 ჰესის დადგმული სიმძლავრე შეადგენს 10.9 მეგავატს, ხოლო წლიური გამომუშავება – 43,1 გვტსთ-ს; ბახვი 2ა სადგურის დადგმული სიმძლავრე 11.6 მეგავატია, ხოლო წლიური გამომუშავება – 45.5 გვტსთ; ბახვი 2ბ სადგურის დადგმული სიმძლავრე კი 23.8 მეგავატია, ხოლო წლიური გამომუშავება 88.8 გვტსთ შეადგენს.

bm.ge