რა თქმა უნდა, ფასების ზრდას მთავრობა ამ კომისიებით ვერ შეაჩერებს და ფასებთან ბრძოლაში აუცილებლად დამარცხდება. არ გამოვრიცხავ, რომ „ქართული ოცნება“ ხელს ეროვნულ ბანკს შეახოცავს, - ასე ეხმიანება „საზოგადოება და ბანკების“ დამფუძნებელი გიორგი კეპულაძე ფასების დაკლება-მომატების საკითხს, რაც ბოლო პერიოდში ძალიან აქტუალური თემაა.

რადიო „კომერსანტის“ ეთერში საუბრისას გიორგი კეპულაძე განმარტავს, რომ კონსტიტუციურად ფასების სტაბილურობაზე პასუხისმგებელი ეროვნული ბანკია. ამასთან ერთად, მისივე თქმით, ინსტიტუციურად ეროვნული ბანკი დაპირისპირებული უნდა იყოს მთავრობასთან, რადგან ეკონომიკისა და ქვეყნისთვის ასე ჯობია, მაგრამ რეალობა არის ის, რომ ეროვნული ბანკი ისეთ გადაწყვეტილებებს იღებს, რომლებიც მისაღებია „ქართული ოცნებისთვის“.

„ფასების მიმართულებით რაღაც მასკარადია, ცოტა კომიკური სიტუაციაც შეიქმნა. ოფიციალური მონაცემები დევს საქსტატის, რომ დეკემბერთან შედარებით იანვარში კვერცხი გაძვირდა დაახლოებით 5.4%-ით. ახლა, როდესაც ამბობენ, რომ 5%-ით შეამცირებენ, გამოვა, რომ ოდნავ გაძვირდება. გვახსოვს, რომ იანვარში კვერცხის მწარმოებლებმა, სხვადასხვა კომპანიებმა, ვინც დღეს ამბობს, რომ პრემიერის განცხადებებს ვეხმიანებითო, იანვარში წინსწრებად მოუმატეს 2 თეთრი, რომ შემდეგ ისევ ეს 2 თეთრი დაეკლოთ.

ბუნებრივია, არ ვარ ბიზნესის წინააღმდეგი და მათი გამოწვევებიც მესმის, მაგრამ პოლიტიკური ქულების დაწერისთვის ასეთი ნაბიჯების გადადგმაზე რა გითხრათ. თუ თავისუფალი საბაზრო ეკონომიკა გვაქვს, რა შუაშია ხელისუფლება, როცა გადასახადებს იხდი, ადამიანებს ასაქმებ“, - აცხადებს გიორგი კეპულაძე.

მისივე განმარტებით, ხელოვნურად ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე შედეგის მიღწევა წარმოუდგენელია. იგივე კვერცხი რომ ავიღოთ, ფასწარმოქმნა ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული - მუშახელის ხელფასი, ქათმის კვება, ელექტროენერგიის ღირებულება.

„თუ ფასების დაწევას ფუნდამენტური ეკონომიკური ფაქტორები არ განსაზღვრავს, ეს იქნება ხელოვნური, პოპულიზმზე გათვლილი ნაბიჯები. დიდხანს ყველას ვერ მოატყუებ, ეს ხომ მონეტარული პოლიტიკა და რთული ეკონომიკური თემა არ არის, რომ ვერ გაიგოს მოქალაქემ - ყველა გაიგებს, რა ფასები იქნება სურსათზე, კვერცხი იქნება, ხორცი თუ - ზეთი. მიხვდებიან ადამიანები, რომ ეს იყო დროებითი ეფექტისთვის გათვლილი, რასაც ეკონომიკური საფუძვლები რა თქმა უნდა, არ აქვს“, - აღნიშნავს გიორგი კეპულაძე.