მსოფლიო ბანკის ჯგუფისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის საგაზაფხულო შეხვედრების ფარგლებში გაიმართა დისკუსია შუა დერეფნის MiddleCorridor შესაძლებლობებსა და მნიშვნელობაზე, რომელიც გახსნეს ევროპასა და ცენტრალურ აზიაში მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, ანტონელა ბასანიმ და ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ინფრასტრუქტურის მიმართულებით, გუანჟე ჩენმა. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. 

ამავე ცნობით, დისკუსიაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა. საუბარი შეეხო ცენტრალური აზიისა და კავკასიის გავლით ჩინეთისა და ევროპის ბაზრების დაკავშირებადობის ზრდას ინფრასტრუქტურისა და ლოგისტიკური სერვისების შესაძლებლობების გაუმჯობესების გზით შუა დერეფნის მონაწილე ქვეყნებში.

დისკუსიის მიმდინარეობისას სიტყვით გამოვიდა ევროკომისიის საერთაშორისო პარტნიორობის გენერალური დირექტორატის უფროსის მოადგილე მარჯეტა ჯაგერი.

შეერთებული შტატების სავაჭრო დერეფნებზე ისაუბრა კარტრინ ჰინდერდაელმა, აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის უფროსმა მრჩეველმა გლობალური ინფრასტრუქტურისა და ინვესტიციების პარტნიორობის სფეროში.განხილვაში მონაწილეობდნენ აზერბაიჯანის, სომხეთის, ყაზახეთისა და თურქეთის დელეგაციები.