ნარინჯისფერი რთველი აჭარაში გამოწვევების ფონზე მიმდინარეობს - ფერმერების ნაწილი ამბობს, რომ მოსავალი იმაზე მეტია ვიდრე გასულ წელს იყო, თუმცა რეალიზაციის მნიშვნელოვანი პრობლემებია.

„აგრო ინვესტ სერვისის“ დირექტორი BMG-სთან ამბობს, რომ ნაყოფის ხარისხობრივი მაჩვენებლები გასულ წელთან შედარებით გაუმჯობესებულია, თუმცა ფერმერები ვერ ახერხებენ პროდუქციის რეალიზაციას, რაც ძირითადად რუსეთის ბაზარზე არსებული არასტაბილური ვითარებითაა განპირობებული. მანდარინის რეალიზატორი კომპანიის ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ ბოლო წლებში რუსეთი საქართველოს მანდარინის ექსპორტში ერთ-ერთი მთავარი ბაზარია და არასტაბილურმა ვითარებამ ადგილობრივი ფერმერებს რეალიზაციის ისეთი პრობლემები შეუქმნა, რაც ბოლო 10 წელია არ ჰქონიათ.

“რთველი საკმაოდ ცუდად მიდის. გასული წლების მაგალითიდან გამომდინარე ამას ვპროგნოზირებდი . ბოლო ერთი კვირაა ძალიან ცუდი ამინდებია, მაგრამ მოსახლეობამ ნაწილობრივ მოასწრო მოსახლის აღება, დაკრეფა, თუმცა საქმე ისაა, რომ რეალიზატორების ნაკლებობაა. სოფლებში მანდარინის შესყიდვის მსურველი ფიზიკურად არ არის. ცარიელია სოფლები, როცა მოსახლეობას სხვა მოლოდინი ჰქონდა. მანდარინი საკმაოდ კარგ კონდიციაშია, წელს ამინდებმა მისცა ფერმერებს შესაძლებლობა, რომ მანდარინი კარგად გაყვითლებულიყო, რაც გასულ წლებში პრობლემა იყო. მწვანე, ნახევრად ყვითელი მანდარინის დაკრეფა უწევდა მოსახლეობას, მაგრამ წელს მასიურად დაყვითლდა. სამწუხაროდ, მყიდველი არის ძალიან მწირი ანუ ექსპორტიორები არიან ძალიან ცოტა, პრაქტიკულად არ არიან. ახლა ძალიან ცუდი კლიმატური პირობებია უკვე, უღელტეხილებზე საკმაოდ რთული მეტეოროლოგიური პირობებია, რაც ისედაც გაართულებს ლოგისტიკას.

ყველაზე მთავარი მიზეზი რუსეთ-უკრაინის ომია, რომელმაც რადიკალურად შეცვალა ყველაფერი. თუ ომის დაწყებამდე უკრაინა იყო ძირითადი სარეალიზაციო ბაზარი, ომის შემდეგ უკრაინის ბაზარი პრაქტიკულად დაკარგულია. შემდეგ მთავარი საექსპორტო ბაზარი გახდა რუსეთი, მაგრამ რუსეთშიც ისეთი გართულებულია ლოგისტიკა, მათ შორის ლარსის გამშვებ პუნქტზე. ყოველ წელს ძალიან ბევრ ექსპორტიორს ლარსზევე უფუჭდებოდა მანდარინი, იმიტომ რომ რთული მეტეოროლოგიური პირობებია, საცობებია. რუსეთიდან თანხის ტრანზაქციებიც გართულებულია, ძალიან ბევრი ნიუანსია, რომელიც ბევრ ექსპორტიორს, რომლებიც ტრადიციულად წლების განმავლობაში 500-დან 1000 ტონამდე ციტრუსის რეალიზაციას ახდენდნენ, წელს საერთოდ შეეშვნენ ამ საქმეს”, - ამბობს ვაჟა მკურნალიძე.

bm.ge