"ბიზნესმენებთან აღვნიშნე, რომ კორუფცია აფერხებს ეკონომიკის განვითარებას" - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ სოციალურ ქსელში დაწერა.
მისივე განმარტებით, შეხვედრაზე ასევე ისაუბრა მთავრობის ყველა სამართლებრივი აქტის გამჭვირვალობაზე, უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის პრაქტიკის აღკვეთაზე და აგრეთვე მსხვილი შესყიდვების დეტალურ კონტროლზე. ასევე ყურადღება გაამახვილა კორუფციის მაქსიმალურად შემცირების მიზნით მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე, მათ შორის, საკადრო გადაწყვეტილებებზე.
"ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შევხვდი.შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ქვეყნის ეკონომიკაში არსებულ დადებით ტენდენციებსა და მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპზე, რომლითაც საქართველო ფართო რეგიონსა და ევროპაში პირველ ადგილზეა. ჩემი შეფასებით, ეკონომიკური განვითარება მნიშვნელოვანია, მათ შორის, საერთაშორისო ასპარეზზე ქვეყნის პოზიციების გასამყარებლად და ამ მიმართულებას მომავალშიც განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა. ვისაუბრე ქვეყანაში სიღარიბის შემცირებისა და დასაქმების ზრდის კუთხით არსებულ პოზიტიურ მაჩვენებლებზე. აღვნიშნე, რომ გასულ წელს 68 ათასი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა, რაშიც დიდია ბიზნესის წვლილი, ვინაიდან, სწორედ ბიზნესი ქმნის სამუშაო ადგილებს და ბიზნესმენებს მადლობა გადავუხადე. ასევე შევეხე ფისკალური კუთხით არსებულ დადებით მაჩვენებლებს, დაბალ ინფლაციას, ეროვნული ვალუტის კურსის სტაბილურობას და განვაცხადე, რომ ეკონომიკური ზრდის კიდევ უფრო მეტად დასაჩქარებლად მთავრობა აქტიურად მუშაობს.
ბიზნესთან შეხვედრისას, ყურადღება გავამახვილე კორუფციის მაქსიმალურად შემცირების მიზნით მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე, მათ შორის, საკადრო გადაწყვეტილებებზე. აღვნიშნე, რომ კორუფცია აფერხებს ეკონომიკის განვითარებას და ყველაფერი გაკეთდება კორუფციის დონის მაქსიმალურად შესამცირებლად - ეს პოლიტიკური ნება არსებობს და საკადრო ცვლილებებშიც უპირატესობა კეთილსინდისიერებას ენიჭება. ასევე, ვისაუბრე იმ ნაბიჯებზე, რომლებიც ბოლო პერიოდში გადაიდგა, მათ შორის - მთავრობის ყველა სამართლებრივი აქტის გამჭვირვალობა, უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის პრაქტიკის აღკვეთა, აგრეთვე მსხვილი შესყიდვების დეტალური კონტროლი, რასაც მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი ახორციელებს. ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან ჩემი შეხვედრა გაფართოებულ ფორმატში, კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. შეხვედრას ბიზნესის სხვადასხვა სფეროს 80-ზე მეტი წარმომადგენელი დაესწრო", - წერს ირაკლი კობახიძე.