Fitch Ratings-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი კვლავ „BB“ დონეზე დატოვა და ქვეყნისთვის სტაბილური პერსპექტივა შეინარჩუნა. საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოს შეფასებით, საქართველოს ეკონომიკა კვლავ გამოირჩევა მაღალი ზრდით, შედარებით ძლიერი მაკროეკონომიკური ჩარჩოთი, ზომიერი სახელმწიფო ვალითა და მდგრადი საბანკო სექტორით, თუმცა ამ ფონზე სერიოზულ გამოწვევებად რჩება პოლიტიკური პოლარიზაცია, საგარეო მოწყვლადობა და ეკონომიკის მაღალი დოლარიზაცია.

სააგენტოს შეფასებით, ბოლო სამი წლის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკამ რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი დინამიკა აჩვენა. 2023-2025 წლებში ეკონომიკური ზრდა საშუალოდ 8%-ს აღემატებოდა, ხოლო 2026 წლის პირველ კვარტალშიც მაღალი აქტივობა შენარჩუნდა. ზრდის მთავარ მამოძრავებელ ძალად Fitch ინფორმაციული ტექნოლოგიების, საკომუნიკაციო სერვისებისა და სატრანსპორტო სექტორის გაძლიერებას ასახელებს. ამასთან, სააგენტო ხაზს უსვამს, რომ ეკონომიკური აქტივობის მიუხედავად, შრომის ბაზარი კვლავ სუსტია — უმუშევრობის დონე 14%-ს აღწევს, რაც სტრუქტურულ პრობლემებზე მიუთითებს.

Fitch-ის შეფასებით, საქართველოს ეკონომიკური ზრდა ამ ეტაპზე შედარებით დაბალანსებულია. იზრდება როგორც ინვესტიციები, ისე შინამეურნეობების მოხმარება, რასაც რეალური შემოსავლების მატება უწყობს ხელს. დადებითი გავლენა აქვს წმინდა ექსპორტსაც, თუმცა სააგენტო აღნიშნავს, რომ ექსპორტის ნაწილი რეექსპორტზეა დამოკიდებული — განსაკუთრებით ავტომობილებისა და ნავთობპროდუქტების მიმართულებით. სწორედ ამიტომ, Fitch მიიჩნევს, რომ მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის დროებითი გაუმჯობესება შესაძლოა გრძელვადიანად მდგრადი არ აღმოჩნდეს.

სააგენტო პროგნოზირებს, რომ 2026 წელს ეკონომიკური ზრდა დაახლოებით 6.5%-მდე შენელდება, თუმცა ეს მაჩვენებელი მაინც მნიშვნელოვნად გადააჭარბებს „BB“ კატეგორიის ქვეყნების საშუალო ნიშნულს. საშუალოვადიან პერიოდში კი ეკონომიკური ზრდა სავარაუდოდ 5%-ის ფარგლებში დასტაბილურდება.

ინფლაციის მიმართულებით Fitch აღნიშნავს, რომ 2026 წლის აპრილში სამომხმარებლო ფასების ზრდამ 5.9%-ს მიაღწია, რაც ძირითადად ენერგომატარებლების გაძვირებით იყო გამოწვეული. ამ ფონზე საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკა გაამკაცრა და რეფინანსირების განაკვეთი 8.25%-მდე გაზარდა. სააგენტოს შეფასებით, მიუხედავად ინფლაციის ზრდისა, რეალური საპროცენტო განაკვეთები კვლავ დადებითია, რაც ლარის მკვეთრი გაუფასურებისა და მეორეული ინფლაციური ეფექტების რისკს ამცირებს.

პოლიტიკურ ნაწილში Fitch საკმაოდ მკაფიო შეფასებებს აკეთებს. სააგენტოს მიხედვით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ქვეყანაში პოლიტიკური პოლარიზაცია კვლავ მაღალია, ხოლო საზოგადოებრივი განხეთქილება განსაკუთრებით გაღრმავდა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების შემდეგ. Fitch აღნიშნავს, რომ მიუხედავად პროტესტების ინტენსივობის შემცირებისა, პოლიტიკური რისკები კვლავ მნიშვნელოვან ფაქტორად რჩება. ამავე დროს, სააგენტო ყურადღებას ამახვილებს ევროკავშირთან ურთიერთობების გაუარესებაზეც და არ ელოდება, რომ უახლოეს პერიოდში ვითარება მნიშვნელოვნად შეიცვლება.

გეოპოლიტიკური თვალსაზრისით, Fitch მიიჩნევს, რომ ირანის ირგვლივ არსებული კრიზისი საქართველოსთვის პირდაპირი ეკონომიკური საფრთხე ნაკლებად არის, რადგან ქვეყნის ენერგომომარაგების მთავარი წყარო აზერბაიჯანია, ხოლო ელექტროენერგიის დიდი ნაწილი ადგილობრივი ჰიდრორესურსებით იწარმოება. სააგენტო ასევე ხაზს უსვამს, რომ საქართველო იცავს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ დასავლურ სანქციებს.

ფისკალური მიმართულებით Fitch საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ მხარედ სახელმწიფო ვალის ზომიერ დონეს ასახელებს. 2025 წელს ბიუჯეტის დეფიციტი მშპ-ის მხოლოდ 1.4% იყო, ხოლო მთავრობის მთლიანი ვალი — 35%-ზე ნაკლები, რაც „BB“ კატეგორიის ქვეყნების საშუალო მაჩვენებელზე მნიშვნელოვნად დაბალია. სააგენტო პროგნოზირებს, რომ მომდევნო ორ წელშიც დეფიციტი 3%-იან ზღვარს ქვემოთ დარჩება.

მიუხედავად ამისა, Fitch საგარეო სექტორში რამდენიმე რისკს გამოყოფს. 2025 წელს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი 2.6%-მდე შემცირდა, თუმცა სააგენტო მიიჩნევს, რომ ეს დროებითი ეფექტი იყო და 2026 წელს დეფიციტი შესაძლოა კვლავ 5%-მდე გაიზარდოს, რაც ენერგომატარებლების გაძვირებასა და იმპორტის ზრდას უკავშირდება. ამავდროულად, საერთაშორისო რეზერვები 6.5 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა, თუმცა Fitch აღნიშნავს, რომ ეს მოცულობა მხოლოდ სამი თვის იმპორტის დაფარვას უზრუნველყოფს და კვლავ სუსტ მაჩვენებლად ითვლება მსგავსი რეიტინგის მქონე ქვეყნებთან შედარებით.

სააგენტოს შეფასებით, საქართველოს საბანკო სექტორი კვლავ ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი კომპონენტია ეკონომიკაში. ბანკების მოგებიანობა მაღალია, კაპიტალის მაჩვენებლები — სტაბილური, ხოლო პრობლემური სესხების წილი დაბალი. დადებით ტენდენციად შეფასდა დოლარიზაციის შემცირებაც — დეპოზიტების დოლარიზაცია 47%-მდე შემცირდა, ხოლო სესხების დოლარიზაცია 42.5%-ს შეადგენს. Fitch მოელის, რომ ეროვნული ბანკის მკაცრი მაკროპრუდენციული პოლიტიკა ამ პროცესს კიდევ უფრო გააძლიერებს.

სააგენტო ასევე ასახელებს იმ ფაქტორებს, რომლებმაც მომავალში შესაძლოა რეიტინგის ცვლილება გამოიწვიოს. რეიტინგის გაუარესების რისკებად Fitch საგარეო ფინანსური მდგომარეობის გაუარესებას, საერთაშორისო რეზერვების შემცირებას, კაპიტალის გადინებასა და პოლიტიკური ან გეოპოლიტიკური რისკების ზრდას ასახელებს. ხოლო რეიტინგის გაუმჯობესება შესაძლებელი იქნება იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანა შეძლებს საგარეო მოწყვლადობის შემცირებას, დოლარიზაციის კიდევ უფრო დაწევას და მდგრადი ეკონომიკური ზრდის შენარჩუნებას ფინანსური სტაბილურობის რისკების გარეშე.