ელექტრომანქანების წილი საქართველოს ავტოპარკში, 2025 წელს არსებული 1.1%-დან, 2035 წელს 15%-მდე გაიზრდება, - ამის შესახებ ინფორმაციას Galt&Taggart მიმოხილვაში „ელექტროენერგიით ვაჭრობის პერსპექტივები საქართველოსა და კავკასიის რეგიონში“ ავრცელებს.

საინვესტიციო ბანკის მოლოდინით, ელექტროენერგიის მოხმარება წლიურად საშუალოდ 3.4%-ით გაიზრდება 2026-2035 წლებში.

„ბოლო წლებში ელექტროსადგურების 94% სახელმწიფოს მხრიდან წახალისების მექანიზმით აშენდა, CFD-ს შემოღებამ ინვესტორის ინტერესი გაზარდა.

დადგმული სიმძლავრის ზრდის მიუხედავად, იმპორტზე დამოკიდებულება უცვლელია გაზრდილი მოთხოვნის და ჰიდრო გენერაციის სეზონურობის გამო.

სახელმწიფოს გეგმით დადგმული სიმძლავრე მიაღწევს 11.5 გვტ-ს 2036 წლისთვის; ჩვენი საბაზისო სცენარით 2035 წლისთვის 8.8 გვტ არის მოსალოდნელი“, - ნათქვამია მიმოხილვაში.