საქართველოში პირველი ელექტროენერგიის დამაგროვებელი სისტემის მოწყობა შესაძლებელია განხორციელდეს მაქსიმუმ 2-წლიან პერიოდში, - ამის შესახებ სსე-ის სისტემათაშორისი ხელშეკრულებებისა და საერთაშორისო ინტერკონექციის დეპარტამენტის უფროსმა, ნოდარ რუაძემ განაცხადა. ინფორმაციას bm.ge ავრცელებს.

ნოდარ რუაძის თქმით, პროექტისთვის დაახლოებით 150 მილიონი დოლარის ინვესტიციაა საჭირო.

„ვფიქრობ, რადგან უკვე სრულდება ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლა, მისი განხორციელება შესაძლებელია მაქსიმუმ 2-წლიან პერიოდში. სავსებით რეალური არის ეს. ასევე, ჩვენთვის ცნობილია, რომ დაახლოებით 150 მილიონი დოლარის ინვესტიცია ესაჭიროება. შესაბამისი კონტაქტები დამყარებულია პოტენციურ ინვესტორებთან“, - აცხადებს ნოდარ რუაძე.

მისი თქმით, პროექტის მხარდამჭერი აზიის განვითარების ბანკია და ამასთან, მოსალოდნელია კერძო სექტორის ჩართულობა.

„ეს არის დამაგროვებლების პირველი პროექტი, რომელიც განხორციელდება საქართველოში და ეს იქნება 200 მეგავატის სიმძლავრის, რაც ვფიქრობთ, რომ ჩვენი ენერგოსისტემისთვის იქნება ძალიან მნიშვნელოვანი. მისი როლი განსაკუთრებით დიდია საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისთვის, როგორც ელექტროენერგეტიკის სექტორის ხერხემლისთვის, სისტემის დაბალანსების გაძლიერებისთვის. ეს პროექტი ამ ეტაპზე ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლის ფაზაშია, ეს მალე დასრულდება. პროექტი აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით ხორციელდება. მოუთმენლად ველით ასევე კერძო სექტორის ჩართულობას ამ პროექტის განხორციელებაში“,- აღნიშნა მან.

წყარო: bm.ge