სოფლის მეურნეობაში მუშახელის დეფიციტი 2025 წელსაც დიდი პრობლემაა. საქართველოს რეგიონებში კადრებთან დაკავშირებით სერიოზული გასაჭირი აქვთ. მიუხედავად იმისა, რომ დღიური შრომის მინიმალური საფასური 60-70 ლარია, მუშების დაქირავება მეწარმე ფერმერებისთვის დიდი დაბრკოლებაა.

სამუშაო ძალის დეფიციტი, ძირითადად, მზარდი ემიგრაციით არის გამოწვეული. ზოგისთვის დღიური ანაზღაურება ცოტაა, ამიტომ დასაქმებაზე უარს ამბობენ. მიზეზთაგან ერთ-ერთია ასევე მენტალური პრობლემაც, მოსახლეობის ნაწილი შრომაზე უარს იმის გამოც ამბობს, რომ ახლობლებისგან გამოგზავნილ ფულზეა დამოკიდებული ან სოციალური შემწეობის ამარა ამჯობინებს ყოფნას.

ყოველდღიური ანაზღაურება მინიმუმ 60-70 ლარია და ეს ფასი, სხვადასხვა საქმიანობაში შესრულებული შრომის შესაბამისად მატულობს, თუმცა მუშახელის დეფიციტი ყველა რეგიონმა და ყველა დარგმა მოიცვა. მუშახელის მოიძიება უჭირთ თხილის სეზონზე სამეგრელოში, ანალოგიური ვითარებაა ბოსტნეულის წარმოებაში გურიასა და იმერეთში.

„ადამიანის მოყვანა და დასაქმება ძალიან დიდი პრობლემაა. ფაქტიურად სანთლით საძებნელია მუშახელი. მუხედავად იმისა, რომ ანაზღაურება იზრდება, ყოველ წელს ასეთი პრობლემა დგას. ასეთი სიტუაციის გამო, სოფლის მეორნეობის სამუშაოებში თავად მეც და ჩემი ოჯახის წევრებიც ვართ ჩართული.

რაც შეეხება ანაზღაურებას, გააჩნია, რა ტიპის სამუშაოზეა საუბარი, თუმცა, ჩემს შემთხვევაში, მუშებს ყველაზე მინიმუმ 60 ლარს ვთავაზობ, იმისათვის, რომ ან ხილის ან ბოსტნეული მოსავალი აიღოს. დღიური ხელფასი უფრო მეტია, თხილის კრეფაზე, თუცმა ამ ნაწილშიც დიდი პრობლემაა", - განაცხადა იმერელმა ფერმერმა, ინგა რუხაძემ.

ანალოგიური მდგომარეობაა საქართველოს სხვა რეგიონებშიც. სამეგრელოში ამბობენ, რომ განსაკუთრებით ჭირს მოცვლის და თხილის მკრეფავები.

„ყოველ წელს ერთიდაიგივე სიტუაციაა და ვითარება არ იცვლება, ყველა სენონზე მუშახელის დეფიტიცია. ბევრს ანაზღაურება არ მოსწონს, უთქვამთ, რომ ხელფასი შრომის შესაბამისი არ არის და ამის გამო წასულან. ვიცი, რომ მათი უმეტესობა ან უკვე წავიდა ან მალე მიდის ქვეყნიდან. ურჩევნიათ, იყვნენ სხვა ქვეყანაში, მაგრამ მეტი ფული გამოიმუშავონ. ასეთ ხალხს ვერ გაამტყუნებ, რადგან ყველა ადამიანი ისეთ გადაწყვეტილებას იღებს, როგორც მას და მისი ოჯახის ფინანსებს აწყობს, თუმცა ჩვენ რა უნდა ვქნათ არ ვიცი.

სამუშაოებში ჩართვა მეც მიწევს, ზოგჯერ მეუღლეც მეხმარება. ძალიან გაჭირვებით, მაგრამ რამდენიმე ადამიანის მოყვანა როგორღაც შევძელი და მათ 60, 70 და 80 ლარსაც ვუხდი, გააჩნია, ვინ რას აკეთებს. მართალია, მუშები მყავს, მაგრამ მაინც მჭირდება ხალხი და მათ მოყვანას ვერანაირად ვერ ვახერხებ, სწორედ ამიტომაა, რომ მეც და ჩემი მეუღლეც ვიღებთ მოსავალს", - განაცხადა ზუგდიდელმა ფერმერმა ვალერი აბრამიამ.

პრობლემაზე ამახვილებენ ყურადღებას სოფლის მეურნეობის სფეროს სპეციალისტებიც. მათი განცხადებით, ფერმერების გამტყუნება რაღაც მხრივ რთულია, რადგან მუშახელს ისეთ ანაზღაურებას სთავაზობენ, რისი საშუალებაც გააჩნია, თუმცა, რა თქმა უნდა, არსებობს გამონაკლისი შემთხვევბიც, სადაც ხელფასი შრომის შეუსაბამოა.

პრობლემაზე ისაუბრა ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორმა და პროფესორმა ანზორ მესხიშვილმა და განაცხადა, რომ მუშახელის პრობლემა სოფლის მეურნეობის განვითარებას ძალიან აფერხებს.

„მუშახელის პრობლემა არა მხოლოდ რეგიონებში, არამედ ყველგან დგას, თბილისშიც მათ შორის. მაგალითს გეტყვით, რომ წაღვერში სასტუმრო შენდება, სადაც ყველა დასაქმებული აზერბაიჯანელია, ადგილობრივები არა. ადრე ბაკურციხეში მუშას ვენახის სამუშაოებში უხდიდნენ 50 ლარს, ახლა კი, თუ მოიძებნა, სახლში უნდა მიაკითხოს დამსაქმებელმა, წაიყავნოს ადგილზე, ორჯერ აჭამოს, გადაუხადოს 100 ლარი და შემდეგ ისევ მიიყვანოს სახლში.

საქართველოს ყველა მხარეში, დასავლეთში, აღმოსავლეთში, ქალაქებში არის მუშახელის დეფიციტი და ამის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ ახალგაზრდობის უმრავლესობა წავიდა საზღვარგარეთ სამუშაოდ. ზოგისთვის ანაზღაურება არ არის საკმარისი და ამის გამოც ამბობენ უარს, მაგრამ თითქოს ხელფასებმა მოიმატა, გასულ წლებთან შედარებით, თუმცა საქართველოში ისეთი ანაზღაურება არ არის, როგორც უცხოეთში,

მუშახელის პრობლემა სოფლის მეურნეობის განვითარებას ძალიან აფერხებს. 1992 წლისათვის საქართველოში მოქმედი იყო 4488 სოფელი. დღეის მდგომარეობით, ამ სოფლებიდან 700 სოფელი მთლიანად დაცარიელებია, 800 სოფელში მხოლოდ პენსიონრების ცხოვრობენ. რაჭაში რომ ცხოვრობდა 77 ათასი ადამიანი, ახლა ცხოვრობს 25 ათასი ადამიანი", - ამბობს ანზორ მესხიშვილი.

resonancedaily.com