შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში 2013-2023 წლებში სესხად 6,1 მლრდ ლარია გაცემული. აქედან სოფლის განვითარების სააგენტოს თანადაფინანსება 929,5 მლნ ლარი  იყო.

სესხების რაოდენობამ 84 361 შეადგინა, პროგრამით ისარგებლა 46 097-მა ბენეფიციარმა.

პროგრამის მიზანია, აგრომეწარმეებისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ზრდის გზით, სოფლის მეურნეობის პირველადი წარმოების, გადამმუშავებელი წარმოების, აგროპროდუქციის შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობა.

პროექტის ფარგლებში, სოფლის მეურნეობის პირველადი წარმოების, გადამმუშავებელი და შენახვა-რეალიზაციის მიმართულებით დასაქმებული ფერმერები და საწარმოები საფინანსო ინსტიტუტებისგან იღებენ შეღავათიან აგროკრედიტს და აგროლიზინგს ძირითადი და საბრუნავი საშუალებებისთვის.

2023 წელს პროექტში შესული ცვლილებების თანახმად, ამოქმედდა საბრუნავი საშუალებების კომპონენტის 4 ქვეკომპონენტი - ყურძნის გადამმუშავებელი საწარმოები, რომლებიც ყურძნის შეძენას მოახდენენ სპირტის წარმოების მიზნით, არასტანდარტული ვაშლის შემსყიდველი საწარმოები და ერთწლოვანი კულტურების დაფინანსების ქვეკომპონენტი.

საბრუნავი საშუალებების კომპონენტს დაემატა თხილის პირველადი წარმოების დაფინანსების ქვეკომპონენტი. ასევე, პროექტს დაემატა სხვადასხვა სახის მიზნობრიობები.

კრედიტებს/ლიზინგებს გასცემენ პროექტში მონაწილე კომერციული ბანკები/საფინანსო ინსტიტუტები (12 ბანკი და 4 სალიზინგო ორგანიზაცია), ხოლო სააგენტო ახორციელებს სესხის/ლიზინგის საპროცენტო განაკვეთის/ლიზინგის საზღაურის თანადაფინანსებას.