რესტორან "ჩვენის" დამფუძნებელი გურამ ბაღდოშვილი აცხადებს, რომ ეკონომიკის მინისტრის მოადგილესა და ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან შეხვედრაზე სარესტორნე სექტორისთვის გადასახადების გადახედვის თხოვნა გააჟღერა. როგორც bm.ge-სთან საუბრისას ბაღდოშვილმა აღნიშნა, საუბარია დღგ-ს შემცირებაზე.
“ჩემი მხრიდან თხოვნა იყო, რომ დაიწყოს სარესტორნო ბიზნესის სახელმწიფო გადასახადების გადახედვა. ჩვენ მხარში ბოლომდე ვერ ვუდგავართ სოფლის მეურნეობის ნაწარმს, რადგან სოფლის მეურნეობის ნაწარმი არ იბეგრება სახელმწიფოს მხრიდან, მაგრამ ჩვენ როცა ვყიდულობთ, ჩვენ ვიხდით გაყიდული პროდუქტის დღგ-ს, რაც არასწორად მიმაჩნია.
ჩვენ გვინდა ვთხოვოთ მათ, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, ეკონომიკის სამინისტრომ და ტურიზმის ადმინისტრაციამ განიხილოს ეს საკითხი, რომ რამენაირად შიდა წარმოების ბაზრისთვის დღგ შევამციროთ.
იმპორტულ ღვინოზე და იმპორტულ სასმელებზე აიწიოს დღგ, შიდა სასმელზე დაბალანსდეს, მაგრამ შიდა ნაწარმი რაც არის, ეს არის სწრაფადფუჭებადი პროდუქტები, აუცილებლად უნდა დაიწიოს დღგ, ან საერთოდ გაუქმდეს რაღაც პერიოდით, რომ ვნახოთ შედეგები", - ამბობს გურამ ბაღდოშვილი.
ცნობისთვის, დღეს, ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლები ტურიზმის სექტორში ჩართულ ბიზნეს ოპერატორებს შეხვდნენ. საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ოფისში გამართული შეხვედრა დახურულ კარს მიღმა შედგა და მის შესახებ მხოლოდ უწყების მხრიდან გავრცელებული ინფორმაციიდან შევიტყვეთ. მთავრობის მიერ საზოგადოებისთვის გაზიარებული ინფორმაციით, შეხვედრისას ტურიზმის ადმინისტრაციამ 2025 წლის შედეგები შეაჯამა.