საქართველოს რესტორატორთა ასოციაციის პრეზიდენტი კოტე გაბრიჩიძე აცხადებს, რომ სარესტორნო მომსახურების ფასები კვლავ გაიზრდება. მიზეზი ინფლაციაა, რომელსაც 2026 წლიდან ელექტრო ენერგიაზე დაანონსებული ფასის მატებაც განაპირობებს.
„საქმიან დილასთან“ საუბრისას გაბრიჩიძემ 2025 წელი ინდუსტრიისთვის პოზიტიურად შეაფასა და აღნიშნა, რომ მაჩვენებლები გასული წლის მონაცემებს აღემატება.
„ჯერ სამთო კურორტებზე სეზონი არ დაწყებულა, ზღვისპირეთი დავივიწყეთ და ქალაქებში ამ ეტაპზე ტურისტის ნაკლებობაა. მოახლოებული დღესასწაულების გამო არ აქტიურობენ არც ადგილობრივები, გამოცოცხლება 24-25 დეკემბრიდან იწყება ხოლმე. პიკს ტრადიციულად ახალ წელს ველოდებით და შემდეგ უკვე მარტამდე სექტორისთვის ძილქუშის პერიოდი იწყება.
მიმდინარე წლის შედეგებს რომ შევხედოთ, მოთხოვნა სარესტორნო ინდუსტრიაზე მარტიდან აღდგა. ივნისში წინა პერიოდის მონაცემებს თითქმის დაწეული იყო, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ზაფხულმა კარგად ჩაიარა, საშუალოზე წინ წავედით.
პრობლემაა ინფლაცია, რომელიც ამ სექტორში ძალიან მაღალია. ახლა კიდევ გვითხრეს, რომ მომავალი წლიდან დენის გადასახადი გაიზრდება. ის ₾1 მლრდ [გულისხმობს განახლებადი ენერგოპროექტების ინვესტორებისთვის ჯარიმების სახით დაგროვილი დავალიანების განულებას] საიდანღაც ხომ უნდა დააბალანსოს ენერგეტიკამ და ვინ დააბალანსებს? ისევ ჩვენ. ვიღაცას აჩუქეს, ვიღაცას - არა. ჩვენ არ გვეჩუქა და ეს აისახება ისევ და ისევ საბოლოო მომხმარებელზე. ჩვენ მოგვიწევს ფასების ზრდა და ისევ ყველაფერი გადანაწილდება ღირებულებაზე, ნებისმიერი გაძვირება გადასახადის თუ პროდუქტის, პირდაპირ აისახება ისევ მომხმარებლის ჯიბეზე აისახება. ძალიან ხშირად გვიწევს ფასების გადათვლა, თვითღირებულების ზრდას დროში ვერ ვეწევით“, - განაცხადა კოტე გაბრიჩიძემ.
ინფორმაციისთვის, 2026 წლიდან საქართველოში ელექტროენერგიის ტარიფი გაიზრდება. სემეკის თავმჯდომარის, დავით ნარმანიას განცხადებით, ტარიფის ზრდის ზუსტი მასშტაბი 29 დეკემბრის სხდომაზე გახდება ცნობილი.
შესაძლოა ფასი მინიმალურად დაკორექტირდეს გაზის ტარიფთან მიმართებითაც. რაც შეეხება წყალს, მომდევნო წლიდან წყლის საფასურის გაზრდა არ იგეგმება.