რითეილ ასოციაციაში ფიქრობენ, რომ პროდუქციის ფასს დისტრიბუციის ხარჯი ზრდის.

ასოციაცია გამოსავალს ბაზრის სტრუქტურის ცვლილებაში ხედავს. რითეილ ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე ამბობს, რომ თუკი სუპერმარკეტების ქსელის ცენტრალიზებული მომარაგება მოხდება, მხოლოდ ამ ფაქტორმა შესაძლოა თაროზე ფასი მინიმუმ 5%-ით შეამციროს.

დღეს დისტრიბუციას ძალიან ძვირი უჯდება პროდუქტის ადგილამდე მიტანა. რატომ? იმიტომ, რომ სადისტრიბუციო ჯაჭვი არაა მოდერნიზებული. მაგალითად, ერთ პატარა მაღაზიაში, რომელსაც ჰყავს 100 მომწოდებელი, 100-ვე მიდის ცალ-ცალკე მანქანით. ბევრ სავაჭრო ქსელს უკვე აქვს ან აფართოებს ლოგისტიკურ ცენტრებს. ჩვენ ვამბობთ, რომ უნდა გაკეთდეს ერთიანი ლოგისტიკური ცენტრები, სადაც მომწოდებელი მიიტანს პროდუქტს, იქ დაიტვირთება ერთი ავტომობილი ყველა საჭირო პროდუქტით და მივა სუპერმარკეტში. თუ დისტრიბუტორი პროდუქტს პირდაპირ ლოგისტიკურ ცენტრში მოიტანს, მას აღარ მოუწევს მაღაზიიდან მაღაზიაში სიარული, რაც მას ხარჯების დაახლოებით 10%-ს უზოგავს. ჩვენ ეს პროცესი დაგვიჯდება 3-5%. ავტომატურად, მხოლოდ ამ ეფექტურობის ხარჯზე, თაროზე ფასი შეიძლება 5%-ით ან მეტით შემცირდეს“, - ამბობს გიორგი ხაბაშვილი.

ამასთან, რითეილ ასოციაცია არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ ქსელების განვითარება და ერთ უბანში რამდენიმე სუპერმარკეტის არსებობა პროდუქციის ფასებზე ზეწოლას ახდენს.

ეკონომიკური პრინციპია — მაღალი კონკურენცია ზრდის მომსახურების ხარისხს და ამცირებს ფასებს. რაც უფრო მეტი სუპერმარკეტია უბანში, მით მეტად ცდილობენ ისინი, რომ ფასითა და მომსახურებით მიიზიდონ მომხმარებელი, რაც შეეხება კაპიტალურ დანახარჯებს — ისინი არანაირად არ მონაწილეობენ მარჟის ნაწილში. ეს დანახარჯები ფინანსდება საკუთარი კაპიტალით ან საბანკო სესხებით“, - ამბობს ხაბაშვილი.

bm.ge