თბილისში მდებარე სასტუმრო ibis budget Tbilisi Center-ი 16 მლნ. დოლარად იყიდება. ინფორმაციას უძრავი ქონების სააგენტოები აქვეყნებენ.

ახვლედიანის ქუჩაზე, საერთაშორისო, ბიუჯეტური ბრენდის, 2 ვარსკვლავიანი Ibis Budget-ის სასტუმრო 2022 წელს გაიხსნა, პროექტის ჯამური ღირებულება 8.2 მლნ აშშ დოლარს შეადგენდა.

როგორც სასტუმროს აღწერაშია აღნიშნული, ის 158 ნომერს, კეთილმოწყობილ ეზოს, საფეხმავლო ბილიკებსა და დასასვენებელ სივრცეებს აერთიანებს. Ibis Budget-ის სასტუმროს ჯამური სამშენებლო ფართი 4 700 მ2-ია, შენობა 5 სართულიანია და ადაპტირებულია შშმ პირებზე.

ცნობისთვის, თბილისში, გ. ახვლედიანის ქუჩა N22 -ში მდებარე 1269 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა ნაგებობები (საერთო ფართით 1938 კვ.მ), შპს ბეტა ჯგუფმა აუქციონის გზით 2017 წელს, 5.8 მლნ ლარად შეიძინა.

კომპანიას, თავდაპირველად 4 მეწილე ჰყავდა: თამაზ თავაძე, გიორგი ქარაზანიშვილი, ბეჟან სამხარაძე და ედიშერ მამალაძე. ცნობისათვის, ედიშერ მამალაძე, კომპანია "საქკაბელის“ მმართველი პარტნიორიცაა. მათ, კომპანიის 25-25%-იანი წილები ეკუთვნოდათ. რეესტრის ბოლო მონაცემებით, კომპანიის წილები ასე ნაწილდება ნანა აროშიძე (30%-იანი წილი), ედიშერ მამალაძე (17.5%), ბეჟან სამხარაძე (17.5%), შპს სიემსი (35%). თავის მხრივ შპს სიემსის მფლობელები თამაზი თავაძე (50%) და გიორგი ქარაზანიშვილი (50%) არიან.