საქართველოში აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულ პირთა სიაში 30 ათასზე მეტი ადამიანია რეგისტრირებული. ამის შესახებ ინფორმაციას შემოსავლების სამსახური აქვეყნებს.
კერძოდ, მათი ცნობით, აზარტულ თამაშობებზე დამოკიდებულ პირთა სიაში რეგისტრირებულია 30 451 ფიზიკური პირი, აქედან მოსამართლის ბრძანების საფუძველზე 59 პირი, ხოლო თავად პირის მომართვის საფუძველზე 30 392 განაცხადია რეგისტრირებული.
„დამოკიდებულ პირთა თვითშეზღუდვის პროცედურა კიდევ უფრო გამარტივდა და მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს ავტორიზაციის გარეშე მოახდინოს საკუთარი მონაცემების შეყვანა.
აღნიშნული სერვისით საქართველოს მოქალაქეს საშუალება აქვს საკუთარი მონაცემები შეიტანოს დამოკიდებულ პირთა შესახებ მონაცემების ბაზაში, რომელიც წარმოადგენს ფიზიკურ პირთა სიას, ვისაც აქვს აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების თამაშის დაუძლეველი სურვილი და მათზე დამოკიდებულება. საქართველოს კანონმდებლობით აკრძალულია აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) მოწყობის ადგილზე დამოკიდებულ პირთა სიაში შეყვანილი პირების სათამაშოდ შესვლა ან/და თამაშობაში მონაწილეობისთვის დაშვება (მათ შორის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების ორგანიზების შემთხვევაში).
გაითვალისწინეთ, დამოკიდებულ პირთა სიაში პირის შესახებ მონაცემები შეიტანება 5 წლის ვადით. სიიდან მონაცემების ვადაზე ადრე ამოღება ხდება საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის შემთხვევაში ან მოსამართლის ბრძანების საფუძველზე, დამოკიდებულ პირთა სიაში ამავე პირის თაობაზე მონაცემების შეტანიდან არაუადრეს 3 წლისა,“ - აღნიშნულია შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.