სომხური კონიაკით სავსე რამდენიმე ათეული სატვირთო მანქანა საქართველოს საზღვარზეა გაჩერებული, ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე. სომხეთი ეჭვობს, რომ ქართული მხარე განზრახ ბლოკავს ალკოჰოლური სასმელების რუსეთში ექსპორტს. ამის შესახებ News.am-ი სომხეთის ეკონომიკის სამინისტროზე დაყრდნობით იუწყება.

გამოცემის ცნობით, ამჟამად მიმდინარეობს მოლაპარაკებები საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე გაჩერებული კონიაკით სავსე სატვირთო მანქანების გადაადგილების ნებართვის მისაღებად. რამდენიმე ათეული მანქანა ელოდება ნებართვას, დაახლოებით 30-მა კი უკვე გადაკვეთა საზღვარი. News.am-ის ცნობით, სომხეთის ეკონომიკის მინისტრი გევორგ პაპოიანი გეგმავს პირადად ეწვიოს საქართველოს ამ საკითხის მოსაგვარებლად.

გამოცემა დასძენს, რომ მიწოდების შეფერხების სიტუაცია რამდენიმე თვის წინ წარმოიშვა. საზღვრის გადაკვეთა ხშირად რამდენიმე კვირით ჭიანურდება. Armenpress-ი წერს, რომ 1-დან 10 ივნისის ჩათვლით, სომხური კონიაკით სავსე 50 სატვირთო მანქანამ გადაკვეთა რუსეთის საბაჟო.