2025 წლის 9 თვეში სადაზღვევო კომპანიებმა თითქმის 1.1 მილიარდი ლარის შემოსავალი მიიღეს, - ინფორმაციას დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური ავრცელებს.

გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით სადაზღვევო კომპანიებს შემოსავალი 11.6%-ით გაეზარდათ. გაზრდილი შემოსავლების მიუხედავად, კომპანიებს წელს მოგება შეუმცირდათ.

2025 წლის 9 თვის განმავლობაში მოზიდულმა სადაზღვევო პრემიამ პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან შეადგინა 1 098 მილიონი ლარი. ამავე პერიოდის შედეგებით მზღვეველების სადაზღვევო მოგებამ შეადგინა 272 მილიონი ლარი, წმინდა მოგებამ კი 113 მილიონი ლარი.

2024 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, სადაზღვევო კომპანიების წმინდა მოგება 2 მლნ ლარით არის შემცირებული.

სადაზღვევო კომპანიების აქტივების ჯამური მოცულობა შეადგენს 1 696 მილიონ ლარს, ხოლო კაპიტალი 517 მილიონ ლარს. აქტივების მოცულობა წლიურად თითქმის 11%-ით არის გაზრდილი.

ანგარიშის თანახმად, 2025 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით ჯამში რეგისტრირებულია 19 სადაზღვევო კომპანია, რომლებიც ფლობენ სიცოცხლის და არასიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიას.