საჯარო რეესტრმა შპს „იგლ ჰილს საქართველო“-ს რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილებაზე უარი უთხრა და კომპანიას 30-დღიანი ვადა მისცა, რათა დოკუმენტაცია საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოიყვანოს.

განცხადების მიხედვით, 18 ნოემბერს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კომპანიის სადამფუძნებლო შეთანხმებაში ცვლილების რეგისტრაციის შესახებ მიმართეს. თუმცა, 19 ნოემბერს, გამოქვეყნებული საჯარო რეესტრის დასკვნის მიხედვით, დოკუმენტით მოთხოვნილი ცვლილებები მეწარმეთა შესახებ კანონის მოთხოვნასთან მოდიოდა წინააღმდეგობაში.

„წარმოდგენილ სადამფუძნებლო შეთანხმებაში და წესდებაში ნებადართული და განთავსებული კაპიტალი არ არის განსაზღვრული მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კერძოდ, საზოგადოების განთავსებული კაპიტალი შეადგენს 10 000 ლარს, ხოლო ნებადართული კაპიტალ 1 000 ლარი. „მეწარმეთა შესახებ „ საქართველოს კანონის თანახმად ნებადართული კაპიტალი არის კაპიტალის მაქსიმალური ოდენობა, რომლის ფარგლებშიც სააქციო საზოგადოებას შეუძლია მომავალში მიიღოს აქციების განთავსების შესახებ გადაწყვეტილება. ამდენად, სადამფუძნებლო შეთანხმებაში ,კაპიტალის მაქსიმალურ ოდენობად 1 000 ლარის მითითება ეწინააღმდეგება განთავსებული კაპიტალის ოდენობას.

ასევე წესდების 3.2 მუხლის ეწინააღმდეგება სადამფუძნებლო შეთანხმებასა და გადაწყვეტილებას. გადაწყვეტილების თანახმად საზოგადოებას აქვს 10 000 ცალი A კლასის განთავსებული წილი, ხოლო წესდებაში მითითებულია, რომ საზოგადოებას აქვს 10 000 ცალი A კლასის გამოშვებული წილი“,- ნათქვამია გადაწყვეტილებაში, რომელიც გამოქვეყნებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს.